ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

მისი განცხადებით, ეს არის სერიოზული და დრამატული მომენტი, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთისთვის:

"მე სრულიად ვაცნობიერებ თუ რა სერიოზული და დრამატულია ეს მომენტი პოლიტიკურად და ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, თუ რა შეიძლება მოხდეს ამ მხრივ, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთისთვის".

დონალდ ტუსკის თქმით, ეს ისტორიული მომენტია, მაგრამ არა ისტორიული რეაქციების. მისივე განცხადებით, იგი მზად იყო ასეთი შედეგისთვის:

"ჩვენ მომზადებულები ვართ ამ ნეგატიური სცენარისთვის. მე ვესაუბრე ევროკავშირის ლიდერებს ბრექსითის შესაძლო შედეგების შესახებ. დღეს, 27 ლიდერის სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენ ყველანი ვინარჩუნებთ ერთიანობას".

ტუსკი ასევე ამბობს, რომ სანამ ბრიტანეთი არ დატოვებს კავშირს, მანამ იმოქმედებს ევროკავშირის კანონები ქვეყანაში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ასევე გეგმებზეც საუბრობს. მისი თქმით, სამომავლო პროცედურების განსახილველად, შემდეგ კვირას, ევროსაბჭოს სამიტზე არაფორმალური შეხვედრა გაიმართება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის.