2017 წლის პირველი დეკემბრიდან მაგთიკომი მაგთისატისა და IP ტელევიზიების ყველა აბონენტისთვის ყველა პაკეტს ორი ლარით აძვირებს. კომპანიაში აღნიშნულ გადაწყვეტილებას მედია რაითს ჯორჯიას გადაწყვეტილებას უკავშირებენ, რომელიც რუსთავი 2-ისა და იმედის არხების რეტრანსილირებისთვის საფასურის გადახდას ითხოვს.

"მაგთიკომი ყოველთვის მოქმედებს კანონის შესაბამისად და აწვდის საკუთარ აბონენტებს მხოლოდ ლიცენზირებულ (ლეგალურ) კონტენტს", - განმარტავენ კომპანიაში.

მედია რაითს ჯორჯიას დირექტორმა, ზურაბ ნაყეურმა On.ge-ს რამდენიმე კვირის წინ განუცხადა, რომ მათი მოთხოვნაა, მაუწყებლობის გავრცლებისთვის კომპანიებმა თითო აბონენტზე ლარნახევარი გადაიხადონ. ასეთი შეთანხმება უკვე გაფორმდა მაგთიკომთან, რომელსაც ნაყეურის თქმით, დაახლოებით 200 ათასი აბონენტი ჰყავს.

"ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში და ბიზნესშეწონილობიდან გამომდინარე", - დასძინა მაშინ ნაყეურმა, რომელის თქმითაც, მსგავსი თანამშრომლობა იგეგმება myvideo-სთან და სილქნეტთან.

რამდენიმე თვის წინ, რუსთავი 2-მა, იმედმა, GDS-მა, მარაომ, მაესტრომ და კომედი არხმა თავიანთი პროდუქციის რეტრანსლირების უფლება გადასცეს შპს მედია რაითს ჯორჯიას. სწორედ ამ კომპანიამ მოითხოვა მაუწყებლობაზე ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისგან რეტრანსლირების საფასურის გადახდა. მედია რაითს ჯორჯია 2017 წლის 26 აპრილს დარეგისტრირდა და მისი 25-პროცენტიანი წილები ეკუთვნის ოთხ პირს და ესენია:

  • ზურაბ ნაყეური;
  • გიორგი სულაძე;
  • დიმიტრი ბოკერია;
  • მანანა გეგელაშვილი.