ლეგენდარულ ამერიკელ მსახიობს, დასტინ ჰოფმანს სექსუალურ შევიწროებაში მისივე ყოფილი ასისტენტი, მწერალი ანა გრეჰემ ჰანტერი ადანაშაულებს.

როგორც მსხვერპლი ჰყვება, ისტორია 1985 წელს მოხდა, როდესაც ის 17 წლის იყო.

"სატელევიზიო ფილმის, Death of a Salesman, გადაღებების დროს დასტინი ჩემთან გამუდმებით სექსზე საუბრობდა. გადაღებების პირველ დღეს, მითხრა მისთვის ფეხზე მასაჟი გამეკეთებინა და დავუჯერე, ეს გავაკეთე. ღიად მეფლირტავებოდა, უკანალზე მეხებოდა და გამუდმებით ყვებოდა, როგორი სექსი ექნებოდა ჩემთან. ერთხელ, გადაღების დღეს მის საგრიმიოროში შევედი რათა სადილი მიმეტანა, ის დაჟინებით მიყურებდა, შემდეგ მითხრა რომ მაგრად მოხარშული კვერცხი და ნახევრად უმი კლიტორი უნდოდა, ამის შემდეგ კი სიცილი დაიწყო. იქიდან წამოვედი, შემდეგ სააბაზანოში შევვარდი და ტირილი დავიწყე.", - ყვება ჰოფმანის ყოფილი ასისტენტი.

ანა გრეჰემ ჰანტერი ამბობს, რომ გადაღებებზე ხუთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა და დღიურსაც წერდა, რომელიც შემდეგ თავის დას გაუგზავნა.

"ახლა, 49 წლის ასაკში ხმამაღლა შემიძლია იმის თქმა დასტინისთვის, რომ ის ბებერი ბინძური კაცია. ის მოძალადე იყო, მე ბავშვი ვიყავი და მან ჩემზე იძალადა.", - ყვება ჰანტერი.

ყოფილი ასისტენტის ბრალდებებს ჰოფმანმაც უპასუხა.

"ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი ქალებს და ახლა, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ, რადგან ასეთ საშინელ სიტუაციაში ჩავაყენე ის. ძალიან ვწუხვარ", - ამბობს ჰოფმანი.

აღსანიშნავია ისიც, რომ წლების წინ დასტინ ჰოფმანის წინააღმდეგ განცხადება მერილ სტრიპმაც გააკეთა, მაშინ სტრიპი ამბობდა, რომ ფილმის, კრამერი კრამერის წინააღმდეგ, გადაღებების დროს ჰოფმანი მას სახეში ურტყამდა და ამბობდა, რომ ამით დრამატული სცენები უფრო ბუნებრივი გამოვიდოდა.