დიდი ბრიტანეთის ამომრჩეველთა უმრავლესობამ, 52-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლას. ევროკავშირში დარჩენის მომხრე მხოლოდ 48 პროცენტი აღმოჩნდა.

შოტლანდიისა და ლონდონის მცხოვრებთა აბსოლუტური უმრავლესობა ევროკავშირში დარჩენის მომხრე იყო, თუმცა, დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთ რეგიონების შედეგებმა მათი სურვილი მნიშვნელოვნად დაჩრდილა.

რეფერენდუმის პირველად შედეგებს უკვე მოჰყვა მყისიერი ეკონომიკური რეაქცია - ბრიტანული ფუნტი დოლართან მიმართებით ბოლო 30 წლის მინიმუმამდე გაუფასურდა. BBC-ის ინფორმაციით, ფუნტი 1985 წლის შემდეგ ასეთი გაუფასურებული არ ყოფილა.

ამომრჩეველთა აქტივობამ 72 პროცენტს გადააჭარბა, რაც 1992 წლის შემდეგ ასევე რეკორდული მაჩვენებელია. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 30 მილიონზე მეტმა პირმა. ამ დროისათვის (09:50) დარჩენილია 4 რეგიონის ხმების გამოცხადება, თუმცა შედეგების დრამატული ცვლილება მოსალოდნელი არ არის. დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას მხარს უჭერს 17 მილიონზე მეტი ამომრჩეველი.

დიდ ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერმა ნაიჯელ ფარაჯმა რეფერენდუმის შედეგები "დამოუკიდებლობის დღეს" შეადარა. მან დევიდ კემერონს, რომელიც ევროკავშირში დარჩენის მომხრე იყო, დაუყონებლივ გადადგომისკენ მოუწოდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შტაინმაიერმა რეფერენდუმის შედეგებს "ევროპისა და დიდი ბრიტანეთისთვის ნაღვლიანი დღე" უწოდა.

დიდი ბრიტანეთი იქნება პირველი სახელმწიფო, რომელიც პირველი დატოვებს ევროკავშირს მისი შექმნის დღიდან. აღნიშნული პროცესი მინიმუმ ორ წელიწადს გაგრძელდება. დიდ ბრიტანეთს მოუწევს ხელახლა გააფორმოს ეკონომიკური და სავაჭრო ხელშეკრულებები სხვადასხვა სახელმწიფოებთან. ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, გარდამავალი პერიოდი შესაძლოა მძიმედ აისახოს დიდი ბრიტანეთის ეკონომიკაზე.

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას შემოკლებით Brexit უწოდეს. უფრო მეტი ამ პროცესის შესახებ, გაიგეთ აქ: