ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ჟურნალისტი ნანა ლეჟავა დაინიშნა, უკვე ყოფილი ხელმძღვანელი მაია თაბაგარი კი ტელეარხის გენერალური დირექტორის კონსულტანტი გახდა. გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა ტელეარხის ჟურნალისტებისთვის:

"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლდა საინფორმაციო სამსახურის უფროსი მაია თაბაგარი. ქრონიკის თანამშრომლებს მიგვაჩნია, რომ ყოვლად მიუღებელია არსებულ ვითარებაში, წინასაარჩევნო პერიოდში საინფორმაციო სამსახურის უფროსის გათავისუფლება და არ არსებობს რაიმე ობიექტური მიზეზი ასეთი რადიკალური ზომის მისაღებად. მიგვაჩნია, რომ საკადრო ცვლილება წინასაარჩევნო პერიოდში ეჭვქვეშ დააყენებს არხის და მისი თანამშრომლების რეპუტაციას, სანდოობას და სიტყვის თავისუფლების ხარისხს ტელეკომპანია იმედში".

აღნიშნულ საკადრო გადაადგილებას წინ უძღოდა იმედის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ პატარკაციშვილების წარმომადგენლის, ირაკლი რუხაძის დანიშვნა. ირაკლი რუხაძემ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ სწორედ მან ასესხა ფული ლევან და გია გაჩეჩილაძეებს მაესტროს წილების შესაძენად.

მაესტროს ერთ–ერთმა მეწილემ, მამუკა ღლონტმა, სწორედ ირაკლი რუხაძეს დაუკავშირა ტელეარხიდან გიორგი ისაკაძის გათავისუფლება:

"გიორგი ისაკაძის მაესტროდან გაძევება არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, გადადგმული ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის სრულად გაკონტროლებისკენ, რასაც ახორციელებს ქართული ოცნება იმედის მეპატრონის, ირაკლი რუხაძის ხელით".