ლონდონის პოლიციას ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაზე ახალი დეტალები აქვს. ამ ეტაპზე, პოლიცია ჰოლივუდის ყოფილი პროდიუსერის მხრიდან შვიდ ქალზე განხორციელებულ სექსუალური შევიწროების შესაძლო ფაქტებს იძიებს.

სამართალდამცავების ინფორმაციით, ისინი ვაინშტაინის მიერ ქალების მიმართ 1980-2015 წლებში ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს იძიებენ.

დიდი ბრიტანეთის პოლიციაში ვაინშტაინის მიმართ ბრალდებები 12-დან 28 ოქტომბრამდე შვიდმა ქალმა შეიტანა. მათი თქმით, ისინი ვაინშტაინის მხრიდან ძალადობის მსხვერპლნი რამდენჯერმე გახდნენ. ყოფილი პროდიუსერის წინააღმდეგ გამოძიება ლოს-ანჯელესის პოლიციაშიც მიმდინარეობს.

ჰარვი ვაინშტაინი ათწლეულების განმავლობაში ჰოლივუდის გავლენიანი პროდიუსერი იყო, თუმცა მისი კარიერა იმ ქალებმა დაასრულეს, რომლებზეც ის წლების განმავლობაში ძალადობდა.

ვაინშტაინი პირველად მსახიობმა ეშლი ჯადმა, ნიუ-იორკ ტაიმსის საშუალებით ამხილა. მისი წერილის მიხედვით, ვაინშტაინმა, 90-იან წლებში, ის სასტუმროს ნომერში კონტრაქტის პირობებზე სასაუბროდ დაიბარა, შემდეგ კი დიალოგი სააბაზანოში შესთავაზა და მასთან ერთად შხაპის მიღება მოსთხოვა.

ეშლი ჯადის გარდა, ჰარვის სექსუალური შევიწროვების ბრალდებით უამრავი ქალი ადანაშაულებს, მათ შორის მისი ყოფილი ასისტენტები და ჰოლივუდის ისეთი გავლენიანი მსახიობები, როგორებიც არიან ანჯელინა ჯოლი, გვინეტ პელტროუ, ლინა ჰიდი და ა.შ.

ჰარვი ვაინშტაინს ქალები გაუპატიურებაშიც ადანაშაულებენ. მათგან ერთ-ერთი იტალიელი მსახიობია, რომლის თქმითაც, ვაინშტაინს მასთან ძალადობით ჰქონდა ორალური და ვაგინალური სექსი. სხვები ამბობენ, რომ ვაინშტაინი მათ მათი ნების საწინააღმდეგოდ შეეხო. ქალების ნაწილის თქმით, ვაინშტაინი მათ წინაშე მასტურბირებდა.

ნიუ-იორკერმა გამოაქვეყნა 2015 წლის ჩანაწერი, რომელშიც ვაინშტაინი იტალიელ მოდელს, ამბრა გუტიერესს, აბაზანაში შეყოლას დაჟინებით სთხოვს.

ბრალდებების შემდეგ, ჰარვი ვაინშტაინის ცოლმა, ჯორჯიანა ჩეპმენმა, განქორწინებაზე შეიტანა საბუთები, ხოლო ამერიკულმა კინოაკადემიამ ის ორგანიზაციიდან გარიცხა. ვაინშტაინს საკუთარმა ძმამ ავადმყოფი და მსოფლიო დონის მატყუარა უწოდა, თუმცა სექსუალურ შევიწროებაში მოგვიანებით ბობ ვაინშტაინიც დაადანაშაულეს.