საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიული განვითარების ბლოკის დირექტორი, ია ანთაძე ამბობს, რომ ბერას საჩუქართან დაკავშირებით იურისტების განმარტებას ელოდებიან "სწორი გადაწყვეტილების" მისაღებად. ასე უპასუხა ანთაძემ On.ge-ს კითხვას აპირებს თუ არა მაუწყებელი მიიღოს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის დამფუძნებლის შვილის, ბერა ივანიშვილის საჩუქარს.

"ეს არის სუფთა იურიდიული საკითხი და იურისტებმა უნდა გვითხრან რა შეიძლება მოხდეს ამ დროს და რა არა. ამის მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ახლა არ ვართ ამ თემაზე სასაუბროდ მზად", - უთხრა ანთაძემ On.ge-ს.

ტენდერში გამარჯვების შემდეგ ბერა ივანიშვილი თავისი კომპანიის ტექნიკას საზოგადოებრივ მაუწყებელს ჩუქნის. გადაწყვეტილების შესახებ ბერამ დღეს, 30 ოქტომბერს საკუთარ ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე დაწერა. მისი თქმით, მან არც კი იცოდა, რომ მისი კომპანია ამ ტექნიკას ფლობდა, არ სჭირდება და პირველ არხს ჩუქნის.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ივანიშვილები საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ტექნიკის ჩუქებას გეგმავენ. რამდენიმე წლის წინ, როცა ამავე ოჯახის კუთვნილი ტელეკომპანია TV9 დაიხურა, ივანიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს ქონების ნაწილის გადაცემა შესთავაზა. მაშინ მაუწყებელს საჩუქარი არ მიუღია.