ტელეკომპანია რუსთავი 2 წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ პარლამენტში პრემიების გასაცემად გედევან ფოფხაძის ხელმოწერა გააყალბეს.

"[წყარო] ამტკიცებს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გედევან ფოფხაძის სახელით ისე გააფორმეს პრემიების ჩამონათვალი, რომ მან ამის შესახებ არც კი იცოდა; დოკუმენტებს ნებართვის გარეშე დაურთეს მისი ხელმოწერა. შემთხვევა სექტემბრის შუა რიცხვებში მოხდა, როდესაც კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა და მის მოვალეობას პარლამენტში გედევან ფოფხაძე ასრულებდა", - იუწყება რუსთავი 2.

ისევ წყაროზე დაყრდნობით, რუსთავი 2-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ფოფხაძემ მისი ფაქსიმილეს პრემიების გასაცემად გამოყენების შესახებ შემთხვევით გაიგო, პრემიების გაცემაზე უარი თქვა და აპარატის უფროს დასაჯეს. პრემიების ჩამონათვალში კი, რიგ შემთხვევაში ხელფასზე ერთნახევარჯერ მეტი ოდენობის თანხაც კი იყო გათვალისწინებული.

ამ საკითხზე გედევან ფოფხაძემ რუსთავი 2-ს რამდენიმე კომენტარი მისცა. თავდაპირველად ფოფხაძე ამბობდა, რომ მისი ფაქსიმილე სტანდარტულ განცხადებებზე გამოიყენეს, პრემიების გასაცემად გამოყენებას კი არ ადასტურებდა. მოგვიანებით კი განაცხადა:

"მე არ ვადასტურებ, რომ ფაქსიმილე იყო უნებართვოდ გამოყენებული, [ნებართვა გასცა, უბრალოდ დეტალები არ იცოდა] ტექნიკური ხარვეზი იყო, რომელსაც შემდეგ შედეგი არ მოჰყოლია და საუბარი რაიმე სამართალ დარღვევაზე [არ არის]".