საქართველოს მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და კატალონიას განიხილავს ესპანეთის განუყოფელ ნაწილად. ამ შინაარსის განცხადება საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გავრცელდა.

"საქართველოს მთავრობა გმობს კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას და მხარს უჭერს ესპანეთის მთავრობის მიერ განხორციელებულ მცდელობებს აღადგინოს კანონიერება და დაარეგულიროს სიტუაცია ესპანეთის კონსტიტუციის, კანონის უზენაესობისა და ესპანეთის ყველა მოქალაქის უფლებების პატივისცემით", - ვკითხულობთ საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

გუშინ, 27 ოქტომბერს კატალონიის რეგიონალურმა პარლამენტმა ესპანეთისგან გამოყოფასა და დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი, 70 ხმით 10-ის წინააღმდეგ. დღეს კი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, მარიანო რახოიმ კატალონიის პარლამენტი, კატალონიის ავტონომიის ლიდერი და მთავრობა დაითხოვა.