საზოგადოებრივი მაუწყებლის სერიალის გადასაღებ ტენდერში გოგა ხაინდრავას კომპანიამ - ლე ხაინდრაო პროდაქშენმა გაიმარჯვა. გოგა ხაინდრავა გამარჯვებული კომპანიის დირექტორი და 33-პროცენტიანი წილის მფლობელია. 12 სერიის გადასაღებად მაუწყებელი 484 ათას ლარს გადაიხდის.

გადასაღები სერიალის სცენარი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ტენდერის გამოცხადებისას გამოქვეყნა. კიდევ ერთი კომპანია, რომელიც ამ ტენდერში მონაწილეობდა შპს კავკასიის კინო სერვისია, რომელმაც მომსახურების გასაწევად კონკურენტზე ძვირი, 531 848 ლარი დაასახელა.

გოგა ხაინდრავას კომპანიის მიერ გადაღებული ერთ-ერთი ბოლო სერიალი - ჰეროკრატიაა. ის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიის დაკვეთით გადაიღეს. სერიალი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შესახებაა.

ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთადერთი ტენდერი არაა, სადაც გოგა ხაინდრავას სახელი ფიგურირებს. რამდენიმე დღის წინ მაუწყებლის ტენდერში ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის კომპანიამ - სილქ ფაქტორი სტუდიომ გაიმარჯვა. ხაინდრავა ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. სილქ ფაქტორი სტუდიომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ბერას ყოფილი კომპანიის, ტელეკომპანია GDS-ის ყოფილი წამყვანის, მაკა ცინცაძის სტუდიის განათება 346 098 ლარად უნდა უზრუნველყოს.