შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, კაცი "უეცრად შეუძლოდ გახდა" და გარდაიცვალა. უწყების პრესსამსახურის უფროსი აცხადებს, რომ პირის გარდაცვალებაში პოლიციელების ბრალეულობა კატეგორიულად გამორიცხულია.

შსს-ს ინფორმაციით, დღეს, 25 ოქტომბერს, საღამოს, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, მოქალაქეებმა მეზობლური კონფლიქტის გამო საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. უწყების ცნობით, პატრულ-ინსპექტორებმა კონფლიქტი განმუხტეს და მალევე მათთან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მივიდა. შსს-ს მტკიცებით, კაცი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მოქალაქეს, რომელმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ასევე, გარშემო მყოფ პირებს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს:

"პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცს არაერთგზის მოუწოდეს წესრიგისა და კანონის დაცვისკენ, თუმცა იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და კიდევ უფრო აგრესიული გახდა."

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ფეისბუკზე წერს, რომ წინასწარი მონაცემებით კაცი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

შსს-ს განცხადებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება.