სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სახის ამოცნობის პროგრამა შექმნეს, რომელიც Google Glass-ზე მუშაობს და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებს ემოციების ამოცნობაში ეხმარება.

აუტიზმის სათვალე ექსპერიმენტული მოწყობილობაა, რომელიც ადამიანების სახეებს აანალიზებს, ადგენს ემოციას და დისპლეიზე შესაბამის ტექსტურ მესიჯს ან ემოჯის აჩვენებს.

სახის მიმიკებით გამოხატული ემოციების ამოცნობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულეა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებისთვის.

ახალი პროგრამის შემქმნელებს სჯერათ, რომ მათი გამოგონება უამრავი ადამიანის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.

სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პროფესორი დენის ვოლი, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ ახალი პროგრამა აუტისტ ბავშვებს საშუალებას მისცემს იყვნენ მეტად სოციალურები, რაც მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას გააადვილებს.

გუგლმა სათვალის წარმოება შარშან შეწყვიტა, რადგან პროდუქტმა არ გაამართლა. თუმცა, მოწყობილობამ ახალი სიცოცხლე სამედიცინო მკვლევარების წრეში შეიძინა. ამ კონკრეტული ექსპერიმენტისთვის ტექ-გიგანტმა სტენფორდის უნივერსიტეტს 35 ცალი სათვალე მიაწოდა.