ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა ზაქარია ქუცნაშვილმა, რუსთავი 2-ზე, გადაცემა არჩევანში, თამაზ მეჭიაურის თანამდებობაზე დანიშვნის ისტორია გაიხსენა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მეჭიაურს "კორუმპირებული ჩინოვნიკისა" და "არასტაბილურის" იმიჯი ჰქონდა, პარტიაში ნათესაური კავშირის გამო დაასაქმა.

ქუცნაშვილი ჰყვება, რომ 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა, თამაზ მეჭიაური იყო ჭაბუა ამირეჯიბის შვილის პარტიაში. ის იხსენებს, რომ მეჭიაურმა რამდენჯერმე სთხოვა მიეყვანა ქართულ ოცნებაში და როგორც თავად ამტკიცებს, ამის არაერთი მოწმე ჰყავს:

"გელა ხვედელიძეს და მამუკა არეშიძეს ვთხოვე, რომ ეს კაცი, მიუხედავად მისი წარსულისა, მიგვეღო და ჩაგვერთო პროცესებში. რატომ? თამაზ მეჭიაურის მამა და დედაჩემის დედა იყვნენ ალალი და-ძმა. ეს ნათესაური კავშირი მე, როგორც მთიელს მავალდებულებს ყველა მთიელზე ვიზრუნო. ბატონი ბიძინა ყოველთვის გვასწავლიდა, რომ ადამიანებს მიეცით შანსი, რომ სწორ გზაზე დადგნენ. თამაზი ჩემს მზეს ლოცულობდა და დღე და ღამე ჩემს სადღეგრძელოს სვამდა. შესაბამისად, მასზე არსებობდა საკმაოდ უარყოფითი ინფორმაცია ცენტრალურ შტაბში და მრავალპარტიაგამოცვლილთან ერთად, მრავალ თანამდებობა გამონაცვალი იყო და მისი მუშაობა თიანეთის რაიკოოპერატივის ანუ ცეკავშირის ხელმძღვანელად და საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობა მის კორუფციულ იმიჯს ამყარებდა".

თიანეთის მერობის კანდიდატმა, თამაზ მეჭიაურმა ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას არჩევანის ეთერშივე უპასუხა და თქვა, რომ როდესაც პირველად გახდა პარლამენტარი, მან თავად მიიყვანა ის პარლამენტში სამუშაოდ:

"ოროთახიანი ხრუშოვკიდან წამოვიყვანე. 1995 წელს, როდესაც ქაღალდების დამტარებლად მყავდა საოლქო კომისიაში და ისიც ბოლომდე ვერ მიიყვანა. მაჟორიტარ ფრაქციაში იმიტომ შევედი, რომ ოთხი კაციდან, მაგისთვის იურისტის ადგილი გამეკეთებინა. ვახტანგ რჩეულიშვილს რომ დავუპირისპირდი, იქ გამყიდა და დაარქვეს "პავკა მაროზოვი" მაგისთვის".