თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი გეგმავს, რომ პოლიტიკაში დარჩეს და საკუთარი მხარდამჭერების გაზრდისთვის იბრძოლოს. სამომავლო გეგმების შესახებ ელისაშვილმა ბრიფინგი დღეს, 24 ოქტომბერს გამართა, სადაც ასევე აღნიშნა, რომ პარტიის შექმნაზეც ფიქრობს, თუმცა ამ ეტაპზე, ტფილისის ჰამქრის მეშვეობით განაგრძობს ბრძოლას:

"მე პოლიტიკაში ვარ და სანამ ჯანი და ენერგია მექნება მანამდე ვიქნები. პარტიის შექმნაზე და პოლიტიკურ მომავალზე ვფიქრობ. ამ ეტაპზე სხვა პარტიებთან არანაირ ურთიერთობას არ ვაპირებ".

ალეკო ელისაშვილმა თქვა ისიც, რომ დამარცხებაში თავს იდანაშაულებს, რომ ვერ შეძლო ამომრჩევლის დარწმუნება.

მისი თქმით, ცხრა ათასი მხარდამჭერი რომ მოსულიყო დამატებით უბნებზე გარანტირებული იქნებოდა მეორე ტური:

"როგორც ჩანს, რაღაც დავაკელი მათი [ამომრჩევლის] დარაზმვისას, მათი მოტივირებისას, თუმცა ახლა ამ ანალიზის ეტაპზე ვართ. არაფერი არ დასრულებულა. შედეგები გვეუბნება, რომ ხალხს უნდა ცვლილება, ხალხს უნდა კეთილსინდისიერი წესიერი ადამიანები და ყელში ამოუვიდა ერთი და იგივე დამყაყებული, დაჭაობებუილი პარტიები და პარტიიდან პარტიაში გადასული ადამიანები".

ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ დღეიდან, ის ეცდება ყველა ის ადამიანი დაარწმუნოს, რომლებიც არჩევნების დღეს, სხვადასხვა მიზეზით სახლში დარჩნენ, რომ მათი მისვლა მომავალ არჩევნებზე მნიშვნელოვანია.

ცესკოს მიერ დათვლილი მონაცემებით, დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა 17,46 პროცენტი მიიღო და ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატს, ზაალ უდუმაშვილს გადაასწრო (16,53 პროცენტი).

თბილისის მერი კახა კალაძე გახდა. მან ამომრჩეველთა ხმების 51,06 პროცენტი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისში მეორე ტური არ გაიმართება.