როგორც წესი, უცხოეთში ნებისმიერი ახალი ფილმისა თუ სერიალის გამოსვლამდე მათ კინოკრიტიკოსებისა და ჟურნალისტების აჩვენებენ, ეს მიღებული პრაქტიკაა და მთავარი მიზანი, მაყურებლებში ინტერესის კიდევ უფრო გაღვივებაა.

ამ პრაქტიკას აქტიურად აგრძელებს ნეტფლიქსიც, რომელმაც Stranger Things-ის მეორე სეზონის წინასწარი ჩვენება მოაწყო.

ვნახოთ რას წერენ გავლენიანი გამოცემები და ჟურნალისტები სერიალის ახალ სეზონზე.

"Stranger Things დიდი ამოცანა და პასუხისმგებლობა ჰქონდა, ის უნდა ყოფილიყო ისეთივე ან კიდევ უფრო კარგი, ვიდრე პირველი სეზონი, მან ხომ ყველასგან აპლოდისმენტები დაიმსახურა?! თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მეორე სეზონი კვლავინდებურად მიმზიდველი, ბრწყინვალე და კარგად, ჭკვიანურად დაწერილია, შესაბამისად მოახერხა და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ყველა პერსონაჟი, რომელმაც წინა სეზონში თავი შეგვაყვარა, გაზრდილები და კიდევ უფრო შეუდარებლები არიან. ეს არის შოუ, რომელიც აკეთებს ყველაფერს, რომ თითოეული სერია იყოს არაჩვეულებრივი და არც ერთი წამით არ მოგწყინდეთ მისი ყურება", - წერს io9.gizmodo-ს კრიტიკოსი კატარინა ტრენდაკოსტა.

"გასულ წელს ნეტფლიქსის ეთერში ნამდვილი შედევრი დაიბადა, შესაბამისად მისი დასრულების შემდეგ გამუდმებით ისმოდა ერთი კითხვა - შეინარჩუნებდა კი ის იგივე ეფექტს რაც ჰქონდა? ამ კითხვას მაყურებელი მალე თავად გასცემს პასუხს, მაგრამ გეტყვით, რომ მიუხედავად ბევრი წაბორძიკებისა, რომელიც მეორე სეზონის განმავლობაში ვნახე, ვადასტურებ, რომ დიახ, ნეტფლიქსის სერიალმა თავისი დიდებულება შეინარჩუნა. მსახიობები - ერთმანეთზე უკეთესი, სცენარი კი მართალია ცოტა ხარვეზებით, მაგრამ უწინდელივით საინტერესოა. კარგი სეზონი გამოვიდა, ასე რომ მოემზადეთ", - წერს Variety-ს კრიტიკოსი მაურენ რაიანი.

"ნეტფლიქსის სამეცნიერო-ფანტასტიკური, ჰორორის ჟანრის თრილერი, წინა წლის ნამდვილი ჰიტი გახდა, რომელმაც 80-იანი წლების ნოსტალგია გააღვიძა ჩვენში. მეორე სეზონშიც იგივე მოხდება - მუსიკა, სცენები, გარემო და ა.შ. ყველაფერი უფრო მეტად გაგვახსენებს გასული საუკუნის ატმოსფეროს. ძველ პერსონაჟბთან ერთად აქ ახალ გმირებსაც გაიცნობთ, რომლებსაც მალევე შეეჩვევით და ვერც კი მიხვდებით, რომ ისინი წინა სეზონში არ იყვნენ. თუმცა რა თქმა უნდა ისტორიის ეპიცენტრში მაინც ილევენია, ყოველშემთხვევაში მე ყველაზე მეტად მისი ისტორია მაინტერესებდა. Stranger Things ჭკვიანურად გაკეთებული შოუა", - წერს Independent-ის კრიტიკოსი კლარის ლოგრეი.

"დიდი მადლობა ნეტფლიქსს გასულ წელს ასეთი არაჩვეულებრივი სერიალი რომ გვაჩუქა. ახალ სეზონში ცხრა სერიაა, რომელსაც ასე აღვწერდი - ამაღელვებელი, მომაჯადოებელი და შეუდარებელი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ხშირად სერიალები სეზონიდან სეზონამდე ფუჭდება, აგდებს ტემპს, კარგავს მომხიბვლელობას, მაგრამ საბედნიეროდ ეს ამ შოუს არ შეეხო. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი", - წერს Uproxx-ის კრიტიკოსი ალან სეპინუოლი.

"Stranger Things 2-მა იმედები ნამდვილად გაგვიმართლა. ძმებმა დაფერებმა არაჩვეულებრივი სცენარი შემოგვთავაზეს, არაჩვეულებრივი რეჟისურითა და ახალი პერსონაჟებით, რომლებიც უხდებიან გარემოსაც და ძველ პერსონაჟებს", - წერს Hollywood Reporter-ის კრიტიკოსი დანიელ ფინბერგი.

"მეორე სეზონი კიდევ უფრო იდუმალი და ამაღელვებელია, თავისი სიუჟეტით და პერსონაჟების განვითარებით", - წერს USA Today-ს კრიტიკოსი კელი ლოულერი.

"ახალი სეზონი არის კიდევ უფრო ბნელი, ვიდრე წინა - ეს არის ჰორორის ჟანრის არაჩვეულებრივი სერიალი, რომელიც სავსეა ემოციებით", - წერს Rolling Stone-ის კრიტიკოსი რობ შეფილდი.

შეგახსენებთ, რომ Stranger Things-ის მეორე სეზონის პრემიერა ნეტფლიქსზე 27 ოქტომბერს გაიმართება.