ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები აცხადებს, რომ საზოგადოების ნდობისა და არჩევნების ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია თიანეთის #20 საარჩევნო უბანზე შედეგები ბათილად იქნას ცნობილი და გაიმართოს განმეორებითი კენჭისყრა.

თიანეთში თამაზ მეჭიაურმა ხმების 49,97% (3 077 ხმა) მიიღო, მისმა კონკურენტმა ქართული ოცნებიდან ლელა ქიტესაშვილმა კი - 50,03% (3 081 ხმა).

ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის, რიგი გარემოებები საეჭვოს ხდის მოცემულ ოლქში მერის არჩევნების შედეგებს.

სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლის ინფორმაციით, ხმის დათვლის დროს არცერთი დამკვირვებელ ორგანიზაციისა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს არ დაუფიქსირებია განსხვავებული აზრი ბათილ ბიულეტენებთან დაკავშირებით:

"კომისიამ პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში ერთსულოვნად გადაწყვიტა საეჭვო ბიულეტენების ბედი და არცერთ დამსწრე პირს, მათ შორის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელს არ გამოუთქვამს პროტესტი, რომ ნამდვილი ბიულეტენები საუბნო კომისიამ ბათილად მიიჩნია.

სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლის განცხადებით, ყველა ბათილი ბიულეტენი სწორად იქნა მიჩნეული ასეთად და არცერთი ბიულეტენი არ იყო, რომელზეც აშკარად იყო გამოხატული ამომრჩევლის ნება და კომისიამ ბათილად ჩათვალა".

სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებისთვის ეჭვს იწვევს ის გარემოება, თუ როგორ მოხვდა 5 ნამდვილი ბიულეტენი, რომელზეც აშკარად იკითხებოდა ამომრჩევლის ნება ბათილ ბიულეტენებს შორის:

"განსაკუთრებით საეჭვოა ის ფაქტი, რომ ხმის დათვლის პროცესში, უბანზე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს აღნიშნული ფაქტი არ გაუპროტესტებია".

ორგანიზაცია ასევე არასტანდარტულად მიიჩნევს საოლქო კომისიის დაუყოვნებლივ რეაგირებას ქართული ოცნების წარმომადგენლის განცხადებაზე, დალუქული პაკეტის გადათვლის შესახებ.

#19 თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ, 22 ოქტომბერს, ქართული ოცნების წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე გახსნა #20 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების დალუქული პაკეტი და გადათვალა ბათილი ბიულეტენები.

დადგინდა, რომ 5 ბიულეტენი, რომლიდანაც 4 ბიულეტენზე ერთი კანდიდატი იყო შემოხაზული, ხოლო ერთზე ერთი კანდიდატი გადახაზული იყო, ხოლო მეორე შემოხაზული, საუბნო კომისიას ბათილად ჰქონდა მიჩნეული. ხუთივე შემთხვევაში ხმა მიცემული იყო ქართული ოცნების მერობის კანდიდატისთვის.

საოლქო კომისიამ აღნიშნული ბიულეტენები ნამდვილად ჩათვალა, რის შედეგადაც თიანეთის თვითმმართველ თემში ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა.