ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში მიიჩნევენ, რომ არაკონკურენტული წინასაარჩევნო პერიოდისა და ცალკეული ინციდენტების მიუხედავად მოქალაქეებმა თავისუფლად შეძლეს ხმის მიცემა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათმა დამკვირვებლებმა მცირე დარღვევებთან ერთად აღმოაჩინეს, რომ კომისიის წევრებმა პროცედურები არასათანადოდ იცოდნენ.

"ოპოზიციური პარტიების ასეთი შეფასება [შედეგებისთვის უნდობლობის გამოცხადება] კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყანაში არსებულ პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს," - აცხადებენ NDI-ში და ოპოზიციურ პარტიებს მტკიცებულებების წარდგენისკენ მოუწოდებენ.

NDI-ში მიიჩნევენ, რომ ცესკომ მასზე დაკისრებული ვალდებულებები დროულად, ეფექტურად და გამჭვირვალედ შეასრულა.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ წინა ხელისუფლების პერიოდის მსგავსად, არასამთავრობო ორგანიზაციები ახლაც კამპანიის პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენებაზე საუბრობდნენ. NDI-ს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მმართველი პარტიის მიერ ვრცელი სარეკლამო კამპანიის პარალელურად, სადაც მთავრობის მიღწევებზე ხდებოდა საუბარი, ოპოზიციურ პარტიებს მწირი რესურსებისა და საგრძნობლად დაბალი ხილვადობის პირობებში უწევდათ მოქმედება.

"ასეთმა უთანასწორობამ და წინასაარჩევნოდ პოლიტიკისა და საკითხების ირგვლივ დებატების ნაკლებობამ ჯანსაღ შეჯიბრს ხელი შეუშალა", - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ყურადღება გამახვილდა პოლიტიკურ პროცესში ქალების ნაკლებ ჩართულობასა და არჩევნების წინასწარ შედეგებზეც. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ არჩევნების პირველადი შედეგებით დადასტურდა სახელმწიფოს მართვის ყველა დონეზე ერთპარტიული მმართველობის გამყარება.

"ერთი პარტიის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაცია ქვეყანაში ძლიერი და პლურალისტური დემოკრატიის განვითარების შანსებს რისკის ქვეშ აყენებს. შექმნილ ვითარებაში ინკლუზიური მმართველობისა და დემოკრატიული კონტროლის მექანიზმების შექმნის პასუხისმგებლობა, ცხადია, ხელისუფლებას ეკისრება,"- აცხადებს NDI.