იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესის დროს, პარტიების წარმომადგენლების სამაგიდო სიებთან წვდომა კანონის დონეზე უდნა გამოსწორდეს. ამასთან, წულუკიანი დარღვევად არ მიიჩნევს თუკი უბანზე მიმდებარე ქუჩებზე ტელეფონით დაუკავშირდებიან ამომრჩეველს და აღწერენ მათ:

"სამაგიდო სიებზე პარტიების წარმომადგენლებს, იყო ეს ოპოზიციია თუ მმართველი პარტიის წარმომადგენელი, ჰქონდათ ზოგიერთ უბანზე წვდომა. ამას ალბათ საკანონმდებლო დარეგულირება დასჭირდება. ამის პარალელურად, არ ვეთანხმები იმას, რომ პოლიტიკური აქტივიზმი ასევე უნდა აიკრძალოს უბანზე, მიმდებარე ქუჩებზე თუ ტელეფონით ამომრჩეველთან დაკავშირება. მაგრამ სამაგიდო სიების თემა პრაქტიკაშიც და კანონის დონეზეც უნდა გასწორდეს".

საიას ინფორმაციით, რიგ უბნებზე რეგისტრატორების გვერდით ან უკან ან ნაკადის მომწესრიგებელთან იდგნენ საარჩევნო სუბიექტის: ქართული ოცნების, მემარცხენე ალიანსის ან სადამკვირვებლო ორგანიზაცია ახალი სიტყვის წარმომადგენლები და ინიშნავენ უბანზე მოსული ამომრჩევლის მონაცემებს, სავარაუდოდ, მათ ვინაობას და ამომრჩევლის სიაში რეგისტრაციის ნომერს.

ცესკოს განცხადებით, რეგისტრატორთან ამომრჩევლების მონაცემების გადამოწმება კანონიერია. მათი განმარტებით, ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის სახელი, გვარი და ასევე სიაში რეგისტრაციის ნომერი მიეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს და დამკვირვებლებს არ ეზღუდებათ მსგავსი მონაცემების ნახვა.