თბილისის მერობის კანდიდატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ გამარჯვება ამომრჩეველზე წეზოლით შეძლო. ამის შესახებ უდუმაშვილმა რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველანაირი ინდიკატორი არსებობდა, რათა თბილისში მეორე ტური გამართულიყო, თუმცა "დაიწერა ხელისუფლებამ ის შედეგი, რომელიც ახლა ცესკოს ვებგვერდზე დევს".

"ვერავინ დამასწრებდა, რომ მიმელოცა გამარჯვებული კანდიდატებისთვის არჩევნებში გამარჯვება, ეს, რომ მას ღირსეულად გაეკეთებინა. ვერ დავიწყებ ენის მოჩლექვით საუბარს ხელისუფლების მიმართ იმის გამო, რომ მეორე ადგილი დამიწერონ ან ასე შემდეგ. მე ვთვლი, რომ ის პოლიტიკური ვაჭრობა, რომელიც ახლა არის დაწყებული ამ ადგილების გადანაწილებაზე უღირსია და არ ვაპირებ ამ პოლიტიკურ ვაჭრობაში შესვლას", - აღნიშნა უდუმაშვილმა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით [15:22 სთ], ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ 51,13-პროცენტიანი მაჩვენებლით გაიმარჯვა, მეორე ადგილზე კი დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი (17,49 პროცენტი) გავიდა. ამ მონაცემებით, ზალიკო უდუმაშვილმა მხოლოდ მესამე ადგილზე გასვლა შეძლო ხმათა 16,53 პროცენტით, სხვა კანდიდატებმა კი ხმების უფრო ნაკლები რაოდენობა დააგროვეს.