კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, არჩილ თალაკვაძემ რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგი გამართა, სადაც საარჩევნო პროცესის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ყველაფერი მშვიდად მიმდინარეობს.

ამავდროულად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, არ შეიყვანოს საკუთარი ამომრჩეველი შეცდომაში და ნუ ახდენენ მათზე უარყოფით ზეგავლენას:

"ოპოზიციური პარტიები საკუთარ წარმომადგენლებს, როგორც ჩანს, აძლევენ ინსტრუქციას, რომ რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაიწეროს თითოეულ უბანზე და ასე ცდილობენ, რომ ამომრჩეველზე მოახდინონ რაიმე ტიპის ზეგავლენა. მე მინდა მოვუწოდო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს და ყველა ამომრჩეველს, რომ მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო პროცესში, მობრძანდნენ და დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე".

კახა კალაძის შტაბის ხელმძღვანელი აღნიშნავს იმასაც, რომ ნებისმიერ აქტივისტს, საარჩევნო პროცესის მონიტორინგის მიზნით შეუძლია სიები აღრიცხოს.

"საჯაროდ იყო განცხადებები გაკეთებული ამომრჩეველთა აქტივობასთან დაკავშირებით, ამასთან დაკავშირებით მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ ეს არის ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის საორგანიზაციო საქმიანობა, სიები არის ღია და ნებისმიერ აქტივისტს, მსურველს შეუძლია აღრიცხვა გარეთ თუ შიგნით აწარმოოს საკუთარი სურვილის მიხედვით. ეს არის საარჩევნო პროცესის მონიტორინგის მიზნით და კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაშია", - ამბობს არჩილ თალაკვაძე.