ტოლერანტობისა და მრავლფეროვნების ინსტიტუტის (TDI) განცხადებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაზილაჯლოში ქართული ოცნების დამკვირვებელი და უცნობი პირი, რომელიც საიდენტიფიკაციო ბეჯის გარეშე იყო, გადასატანი ყუთის დამკვირვებლების გარეშე წაღებას ცდილობდნენ:

"TDI-ის დამკვირვებლის მხრიდან საკითხით დაინტერესებას და სურვილის გამოთქმას, რომ ისიც გაჰყვებოდა გადასატან საარჩევნო ყუთს, თუნდაც საკუთარი ავტომობილით, მოჰყვა უცნობი პიროვნების გაღიზიანება. მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დამკვირვებელს (TDI-ის წარმომადგენელს)".

TDI-ს თქმით, უცნობი პირი გამოირჩეოდა აგრესიით, რის გამოც დამკვირვებელმა პოლიცია გამოიძახა:

"დამკვირვებელი, უცნობმა პირმა, მოტყუებით, ყუთის გადატანასთან დაკავშირებული პროცედურების ჩატარების მოტივით, შეიყვანა კომისიის შენობაში, გაარიდა ავტომობილს, რომელშიც გადასატანი ყუთი ინახებოდა, რის შემდეგაც, ავტომობილი, რომელშიც ისხდნენ უცნობი პირები, გაურკვეველი მიმართულებით გაემართა".

როგორც TDI ამბობს, ავტომობილი, სავარაუდოდ, ქართული ოცნების დამკვირვებელს ეკუთვნის. მათივე განმარტებით, მათი წარმომადგენელი ახლა პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება, ხოლო N89 საარჩევნო კომისია ორგანიზაციის წარმომადგენლის საჩივრის მიღებასა და რეგისტრაციაზე უარს აცხადებს.