მმართველ პარტიაში, ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მათ უპრეცენდენტოდ მაღალი მხარდაჭერა აქვთ და ამის გამო მათი აქტივობები გაცილებით თვალსაჩინოა. ასე უპასუხეს პარტიაში On.ge-ს კითხვას არიან თუ არა მათი კოორდინატორები და აგიტატორები საარჩევნო უბნებთან მობილიზებული.

"ეს არის პარტიების ჩვეულებრივი საორგანიზაციო საქმიანობა. უბრალოდ, გამომდინარე იქედან, რომ ქართულ ოცნებას აქვს უპრეცენდენტოდ მაღალი მხარდაჭერა, ჩვენი აქტივობა გაცილებით თვალსაჩინოა. რა თქმა უნდა, საკუთარი ამომრჩევლების მობილიზება და სიების შედგენა არავითარი დარღვევა არ არის. ქართული ოცნება მოუწოდებს მხარდამჭერებს, გამოცხადდნენ საარჩევნო უბნებთან, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და გახდნენ ქვეყნის განვითარების მონაწილეები", - განუცხადეს On.ge-ს პარტიაში.

დღეს რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების კოორდინატორები და აგიტატორები საარჩევნო უბნებთან ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციას ინიშნავენ.