საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნინო ლიპარტია განმარტავს, რომ ილია მეორის მარკირება მისი სურვილიდან გამომდინარე არ მოხდა:

"მე როგორც ვიცი პატრიარქი არც ერთ არჩევნებზე მარკირებას არ იკეთებს. ჩვენ გვქონდა დაცვასთან შეთანხმება, რომ შევთავაზებდით და ამ შემთხვევაში მას თუ ექნებოდა სურვილი გავუკეთებდით მარკირებას. თუმცა არ გავუკეთეთ, რადგან მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ და პატივისცემა გაგვაჩნია და გამოვხატეთ ამით. არ დავაძალეთ და ვენდეთ.

მისი თქმით, პატრიარქის მოსვლამდე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ბიულეტენები წინასწარ გაამზადეს:

"მე გამოვაცხადე, რომ პატრიარქი სანამ მოვა, მე მაცნობებს დაცვა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე რომ არ ყოფილიყო შეყოვნება, ამიტომ ორი წუთით ადრე გავამზადებინე საარჩევნო ბიულეტენები".

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორემ ხმა უკვე მისცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. პატრიარქის საარჩევნო უბანზე მისვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, მისი დაცვის თხოვნით, წინასწარ გაამზადეს ბიულეტენები.

საარჩევნო უბანზე იმსჯელეს იმაზე, გაეკეთებინათ თუ არა პატრიარქისთვის მარკირება, თუმცა საბოლოოდ ასე არ მოხდა. პატრიარქმა წინა არჩევნებზეც მარკირების გარეშე მისცა ხმა. ხმის მიცემამდე, საარჩევნო კომისიის რეგისტრატორმა ილია მეორეს ხელზე აკოცა, რის შემდეგაც პატრიარქი საარჩევნო კაბინაში შევიდა ხმის მისაცემად.