ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე შეშფოთებას გამოთქვამს იუსტიციის საბჭოში ნაზი ჯანეზაშვილის მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო.

მისი განცხადებით, კონსტიტუციის ახალი რედაქციით იუსტიციის საბჭოსათვის გაზრდილი უფლებამოსილებები ამ უწყებამ არსებული პრობლემების მოსაგვარებლად უნდა გამოიყენოს და არა ახალი პრობლემების შესაქმნელად:

"კონსტიტუციის ახალი რედაქცია ამ კონსტიტუციურ ორგანოს უზრდის უფლებამოსილებას და შესაბამისად, მას უნდა გაეზარდოს პასუხისმგებლობა. იმის ნაცვლად, რომ ეს გაზრდილი პასუხისმგებლობა გამოყენებულ იყოს ამ პრობლემების მოგვარებისთვის, ჩვენ ვხედავთ ახალ პრობლემებს. უაღრესად შემაშფოთებელია დღევანდელი ამბავი, რომ თურმე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის ასრულებს თავის პროფესიულ ვალდებულებას, არის მსხვერპლი უცენზურო სიტყვების და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების".

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით საბჭოს მოსამართლე წევრებმა მის მიმართ არაეთიკური განცხადებები გააკეთეს. მისი თქმით, კონფიდენციალური ინფორმაცია კანდიდატების შეფასების შესახებ მოსამართლე წევრებისთვის ცნობილი გახდა:

"პირდაპირ ჩემ მიმართ იყო მომართვა საბჭოს იმ წევრების მხრიდან, რომლებსაც არ მოეწონათ ჩემი შეფასება. ეს არის სერიოზული პრობლემა. მე უნდა ვიყო დაცული იმისთვის, რომ ვისაც ვაფასებ მან არ იცოდეს რა ქულებით შევაფასე, რადგან ეს კონფიდენციალურია ორგანული კანონით".

დღეს, 20 ოქტომბერს, უვადო მოსამართლედ აირჩიეს თამარ ალანია, რომელიც სააპელაციო სასამართლოში არასრულწლოვანი გვანცა ყუფარაძის საქმეს განიხილავდა. ის სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეების შესარჩევმა კომისიამ კიდევ სამ კანდიდატთან ერთად შეარჩია, თუმცა სტრასბურგს მთავრობას მისი კანდიდატურა არ წარუდგინა.