ოლიმპიურმა და მსოფლიო ჩემპიონმა, ტანმოვარჯიშე მაკაილა მარონიმ განაცხადა, რომ აშშ-ის ტანვარჯიშის ნაკრების ყოფილი ექიმი ლარი ნასარი სექსუალურად 13 წლიდან ავიწროებდა.

მარონიმ ამის შესახებ ტვიტერზე დაწერა ჰეშთეგით #მეც (#MeToo). მისი თქმით, "სამედიცინო დახმარების" საბაბით ნასარი მას ბოროტად იყენებდა. მისი თქმით, ეს ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო, როდესაც მან 2012 წელს 13 წლის ასაკში დაიწყო და 2016 წლამდე, კარიერის დასრულებამდე გაგრძელდა.

"ისე ჩანდა, რომ, როდესაც ეს ადამიანი დროს იხელთებდა, ჩემს "მკურნალობას" იწყებდა. ეს ლონდონში მოხდა, ჩემი გუნდის წინაშე, როდესაც ოქროს [ოლიმპიური] მედალი მოვიპოვე და ეს მოხდა სანამ ვერცხლის მედალს მოვიგებდი", - წერს ის ტვიტერზე.

აშშ-ის ტანვარჯიშის ნაკრების ყოფილი ექიმი ლარი ნასარი 2016 წლის ნოემბერში კარიერის განმავლობაში არასრულწლოვან ქალებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

მარონიმ დაწერა, რომ ყველაზე საშინელი ღამე ნასარისთან ერთად 15 წლის ასაკში გაატარა:

"მთელი დღე-ღამე ტოკიოში მოსახვედრად გუნდთან ერთად დავფრინავდი. ფრენისთვის საძილე მომცა და შემდეგ რაც ერთადერთი მახსოვს, არის ის, რომ სასტუმროს მის ნომერში აღმოვჩნდი, სადაც "მმკურნალობდა". მეგონა, რომ იმ ღამით მოვკვდებოდი".

მისი თქმით, როდესაც უკან იყურება, აცნობიერებს, რომ არაჩვეულებრივი კარიერა მოიწყო, მაგრამ ეს ძვირად დაუჯდა:

"შეიძლება კი ამ ძალადობის დასრულება? შეიძლება კი ამაზე საუბარი ისე, რომ კარიერა და ოცნებები საფრთხის ქვეშ არ დააყენო? იმედი მაქვს, რომ კი... ჩვენი სიჩუმე დიდი ხნის განმავლობაში ადამიანებს არასწორ ძალაუფლებას აძლევდა და დრო მოვიდა, რომ ეს ძალაუფლება დავიბრუნოთ".

ლარი ნასარი

ფოტო: Getty

"ეს ხდება ყველგან. იქ, სადაც არის ძალაუფლება, არის ბოროტად გამოყენების პოტენციალიც... ოლიმპიადაზე მოხვედრის იცნება მქონდა და ის ყველაფერი, რისი მოთმენაც მიწევდა იქ მოსახვედრად, იყო საზიზღარი", - წერს მარონი.

მარონი არის იმ მრავალ ქალთაგან ერთ-ერთი, რომელმაც ბოლო დროს მის მიმართ განხორციელებულ სექსუალურ შევიწროებაზე საჯაროდ ისაუბრა. მოძრაობა #მეც, რომელმაც სოციალური ქსელები მოიცვა, ჰოლივუდელი პროდიუსერის, ჰარვი ვაინშტაინის გარშემო მიმდინარე ამბებმა გამოიწვია. ვაინშტაინი მსახიობმა ქალებმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.