22 ოქტომბერს იტალიაში, ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში, ავტონომიის მოსაპოვებლად რეფერენდუმი ჩატარდება. რეგიონები რომისგან დამოუკიდებლობასა და მეტ ფინანსურ დამოუკიდებლობას ითხოვენ.

ორივე რეგიონის სათავეში არის მემარჯვენე პარტია ჩრდილოეთის ლიგა, რომელიც 1990-იან წლებში ჩრდილოეთის რეგიონების იტალიიდან გამოყოფის იდეით გამოდიოდა. ამ შემთხვევაში პარტია მხოლოდ იტალიის ფედერალიზაციას მოითხოვს. 1992 და 2000 წლებში იტალიის საკონსტიტუციო სასამართლომ დამოუკიდებლობის რეფერენდუმი, რომელიც ვენეტოს რეგიონულმა საბჭომ წარადგინა, არ დაუშვა. თუმცა იტალიის კონსტიტუციის 116-ე მუხლის მიხედვით, რეგიონს უფლება აქვს, რომ რომისგან ავტონომია მოითხოვოს.

ლომბარდიასა და ვენეტოში ჯამში 15 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. რეგიონების შემადგენლობაშია ისეთი ქალაქები, როგორიცაა ვენეცია, მილანი და ვერონა.