აშშ-ის ელჩმა იან კელიმ მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, ქართული ოცნების შტაბთან მომხდარ ინციდენტზე ტვ იმედის თარგმანის მიხედვით თქვა, რომ დემოკრატიულ გარემოში, განსაკუთრებით არჩევნების დროს, ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს:

"ჩვენ მონიტორინგს გავუწევთ პროცესებს, მჭიდრო კავშირი გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რაც შეეხება არჩევნებს, ვფიქრობ ატმოსფერო ძალიან კარგია. ყველა მოქალაქის ინტერესია, არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს. სამწუხაროა რომ ძალადობას აქვს ადგილი".

გუშინ 19 ოქტომბერს, გვიან ღამით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბთან, დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრა. მათ შორის, ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი.