რუსეთში მოღვაწე ქართველი ტელეწამყვანი და კინომცოდნე ეკატერინე მწითურიძე ცოტა ხნის წინ იმ ქალების რიცხვს შეუერთდა, რომლებმაც ჰოლივუდის ყველაზე გავლენიანი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.

"პირველად ჰარვი ვაინშტაინს 2003 წელს, ბერლინის კინოფესტივალზე შევხვდი, როდესაც ინტერვიუს ვწერდი ჯორჯ კლუნისთან. მასთან საუბრის დასრულების შემდეგ ვაინშტაინმა მითხრა, რომ ჩემი კითხვები მოეწონა და მითხრა, რომ გაუხარდებოდა თუ ერთად მივირთმევდით ლანჩს მისსავე ოთახში. ასევე აღნიშნა, რომ უყვარს რუსული კულტურა, განსაკუთრებით კი ჩეხოვი და რომ მისი წინაპრები წარმოშობით რუსეთიდან იყვნენ", - იხსენებს ეკატერინე.

როგორც მწითურიძე ამბობს, ვაინშტაინს ის კიდევ ერთხელ, 2004 წელს ვენეციის კინოფესტივალზე შეხვდა. ვაინშტეინმა ის თავის ნომერში მიიპატიჟა თუმცა მან უარით გაისტუმრა, რის შემდეგაც პროდიუსერმა მას შეხვედრა სასტუმრო კაფეში დაუნიშნა.

"მან წვეულების შემდეგ მის ოთახში მიმიწვია, მითხრა, რომ საუბარი სურდა მის იდეაზე, რომელიც თანამედროვე რუს მწერლებს უკავშირდებოდა. უარი ვუთხარი მან კი შეხვედრა სასტუმროს კაფეში დამითქვა. თან შემახსენა, რომ დიდი გავლენები ჰქონდა საგამომცემლო სივრცეშიც. შეხვედრაზე ვაინშტეინის ნაცვლად მისი თანაშემწე მივიდა. რომელმაც მითხრა, რომ პროდიუსერი თავს ცუდად გრძნობდა და მასთან ერთად ნომერში ასვლა მთხოვა. დავთანხმდი რადგან მეგონა მარტოები არ ვიქნებოდით, თუმცა ნომერში შესვლისთანავე ის წავიდა, ოთახში კი ორი ადამიანისთვის მაგიდა იყო გაშლილი. ის ხალათით დამხვდა და მითხრა, რომ მასაჟისტს ელოდებოდა, რომელიც აგვიანდებდა, შემდეგ კი აღნიშნა, რომ მის გარეშეც კარგად გავატარებდით დროს. ადგილზე გავიყინე. ის არ ჩერდებოდა, ამბობდა, რომ ეს მომეწონებოდა და რომ მისი მსგავსი კაცი არავინ არ არის. ეს ყველაფერი ხუმრობა მეგონა. ოფიციანტმა მიხსნა, რომელიც ოთახში სასმელის შემოსატანად დაკაკუნების გარეშე შემოვიდა, მე კი სასწრაფოდ გამოვიქეცი იქიდან, დერეფანში ჩემი კოლეგა შემხვდა გერმანული ტელევიზიიდან, იმდენად ანერვიულებული ვიყავი და ვკანკალებდი, რომ მკითხა რა მჭირდა, არაფერი მითქვამს, გაოგნებული ვიყავი და მსურდა ეს ამბავი ერთი ცუდი სიზმარის მსგავსად დამევიწყებინა", - ყვება ეკატერინე მწითურიძე.

ეკატერინე მწითურიძე ჟურნალ Variety Russia-ს მთავარი რედაქტორია, 2011 წლიდან არის როსკინოს გენერალური დირექტორი და რუსული პირველი არხის კინოექსპერტი. სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო მედია ფორუმის კონცეფციის ავტორი და გენერალური პროდიუსერი.