ცხოველთა ფერმის, განსაკუთრებით ღორების ფერმის, ერთ-ერთი დიდი ნაკლი უსიამოვნო სუნია, რომელიც არამარტო ფერმის შენობაში ან იმ ადგილას დგას, სადაც ცხოველები არიან დაბინავებულები, არამედ რამდენიმე მეტრის რადიუსში.

აიოვას უნივერსიტეტის მეცნიერები ამბობენ, რომ ამ პრობლემის გადაჭრის გზას მიაგნეს და პრაქტიკაშიც წარმატებით გამოსცადეს. უსიამოვნო სუნის გასაქრობად, ისინი ულტრაიისფერ შუქს იყენებენ.

პროცესს, რომლითაც მეცნიერები სუნის შემცირებას ახერხებენ, ფოტოკატალიზი ეწოდება. ამ დროს, იმ შენობის კედლებს, რომელშიც ცხოველები არიან განთავსებულები, ტიტანის ორჟანგით ფარავენ - ტიტანის ორჟანგი ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც ხშირად გამოიყენება სხვადასხვა პროდუქტების მათეთრებლად, მაგალითად, კბილის პასტაში ან პურში. ნივთიერებით დაფარულ კედლებს მეცნიერებმა ულტრაიისფერი შუქი მიანათეს. როცა შუქი ტიტანის ორჟანგს ეცემა ხდება რეაქცია, რომელიც სუნს ანეიტრალებს - მყრალი გაზები ნაწილაკებად იშლება და სუნიც მცირდება.

იაცეკ კოზელი, აიოვას უნივერსიტეტის აგრიკულტურისა და ბიოსისტემების ინჟინერიის ასოცირებული პროფესორი, ამ ტექნიკაში ბევრ პოზიტივს ხედავს. მისი თქმით, აიოვაში მდებარე ერთ-ერთი ღორის ფერმაში ტესტირება წარმატებულად ჩატარდა და მეთოდის გამოყენების შედეგად უსიამოვნო სუნი 16%-ით შემცირდა.

გარდა სიმყრალის გაქრობისა, მეცნიერების შემუშავებული მეთოდი სათბურის აირების გამოყოფასაც ამცირებს. საქმე ისაა, რომ ცხოველების ფეკალიები სუნთან ერთად აზოტის ორჟანგსაც გამოყოფს, რაც ატმოსფეროში სათბურის ეფექტის შექმნას უწყობს ხელს. კოზელის თქმით, მათი სისტემა ამ პროცესს 9%-ით ამცირებს.

ასევე იხილეთ: რით გამოირჩევა ღორი სხვა სასოფლო სამეურნეო ცხოველებისგან