საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის, ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ მარნეულში კანდიდატებად უცხო ქვეყნის მოქალაქეები დაასახელა. კანდელაკის თქმით, ამით პარტია კანონს არღვევს.

ევროპული საქართველოს წევრი ამბობს, რომ ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქში ქართული ოცნების სამი მაჟორიტარი კანდიდატი: კარაპეტ პალოიანმა, ედუარდ ელიაზიანმა და ედიკ ბერიკიანმა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებით საქართველოს მოქალაქეობა დაკარგეს.

"რა თქმა უნდა, საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია, რომ მათ მიანიჭოს გამონაკლისის წესით საქართველოს მოქალაქეობა ხელახლა, მაგრამ ასევე ყველას კარგად მოეხსენება, რომ როცა ადამიანი იღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას იგი ავტომატურად კარგავს საქართველოს მოქალაქეობას", - აღნიშნა კანდელაკმა და იუსტიციის სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდა.

ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ საკითხი მოკვლევის საგანია და დადასტურების შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება.

"მათ შესაბამისი განცხადებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უნდა მიმართონ, რომელიც მეორადი მოქალაქეობის არსებობის ფაქტს შეისწავლის", - აღნიშნავენ მმართველ პარტიაში.

On.ge დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროსა და ცესკოს. ცესკოს პრესსპიკერმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, იუსტიციის სამინისტროში კი კანდელაკის განცხადებას ჯერ არ გასცნობიან.