საქართველოს 18-წლამდე გოგონათა ნაკრები ახალ ევროტურნირში ერთვება. ევროპის ახალგაზრდულ ლიგაზე ბოლო წლებში სისტემატიურად ასპარეზობენ ვაჟთა ასაკობრივი ნაკრებები, ამიერიდან კი მასში ქართველი გოგონებიც ჩაერთვებიან.

საქართველოს 18-წლამდე გოგონათა ნაკრებმა წელს ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში იასპარეზა. ის სათამაშო გამოცდილება, რასაც გოგონები ევროპის ლიგაზე ასპარეზობისას მიიღებენ, მათ კლასს მნიშვნელოვნად აამაღლებს.

2017-18 წლების სეზონის ევროპის ლიგის პირველი ეტაპი უკრაინის ქალაქ ოდესაში 20-22 ოქტომბერს გაიმართება. ტურნირში მთლიანობაში 8 გუნდი მონაწილეობს: საქართველოს ნაკრები, პოლიტეხნიკა (პოლონეთი), ანტვერპენი (ბელგია), ალვიკი (შვედეთი), გდინია (პოლონეთი), ოდესა (უკრაინა), ლულეა (შვედეთი) და ნოვა ვესი (სლოვაკეთი).

პირველ ეტაპზე გუნდები 2 ჯგუფში გადანაწილდნენ. საქართველოს ნაკრების ჯგუფში მოხვდნენ ანტვერპენი, პოლიტეხნიკა და ალვიკი. ჯგუფში 1 წრის შემდეგ 1-2 ადგილებზე გასული გუნდები ნახევარფინალში ითამაშებენ, ხოლო 3-4 ადგილოსნები 5-8 ადგილებს გაინაწილებენ.

ასეთი ფორმატის იქნება მომდევნო ეტაპებიც: 1-3 დეკემბერს ლატვიაში და 15-18 თებერვალს პოლონეთში.

ამ 3 ეტაპის ჯამში საუკეთესო 4 გუნდი ოთხთა ფინალში გავა და 3-6 მაისს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ევროპის ლიგის საპრიზო ადგილებისთვის ითამაშებს.