რამდენიმე კვირის წინ ჰოლივუდი ჯერ არნახულმა სკანდალმა აალაპარაკა - კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. ვაინშტაინი პირველად მსახიობმა ეშლი ჯადმა, ნიუ-იორკ თაიმსის საშუალებით ამხილა. მის სიტყვებს უამრავი ქალის მხარდაჭერასა და სოლიდარობასთან ერთად, დომინოს ეფექტი მოჰყვა - მსოფლიოს არაერთი ცნობილი მსახიობი ალაპარაკდა, თუ როგორ ითხოვდა ცნობილი პროდიუსერი მათგან სექსუალურ მომსახურებას, სანაცვლოდ კი კარიერულ წინსვლას ჰპირდებოდა.

ეს ამბავი ამით არ დასრულებულა. სულ უფრო მეტმა ქალმა, მათ შორის სპორტსმენმაც, დაიწყო საუბარი იმის შესახებ, როგორ გახდა სექსუალური ძალადობისა და შევიწროების მსხვერპლი სხვადასხვა პირის მხრიდან კარიერის პირველ საფეხურებზე. ამ ქალების ისტორიებმა არნახული სოლიდარობაც გამოიწვია და შეიძლება ითქვას, ამის დამსახურებაცაა, რომ თქვენთვის უკვე ცნობილმა ჰარვი ვაინშტაინმა ყველაფერი დაკარგა - სახელი, ოჯახი და კარიერა.

დაახლოებით ორი წლის წინ მსგავსი ამბავი საქართველოშიც მოხდა, როდესაც ტელეკომპანია იმედში დასაქმებულმა 25 წლის გოგომ თავის იმჟამინდელ უფროსს შალვა რამიშვილს, სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. აქ ყველაფერი პირიქით მოხდა, მსხვერპლს აღარ აქვს სამსახური და საყვარელი პროფესიის გარეშე ცხოვრობს, მისი ყოფილი უფროსი კი მედიაში კვლავ გავლენიან პირად მიიჩნევა. თავად შალვა რამიშვილი მის წინააღმდეგ თათია სამხარაძის მიერ გამოთქმულ ყველა ბრალდებას უარყოფს.

მედიამ ამ ისტორიისგან ჩვეულებრივი სკანდალი გამოძერწა და ამით რეიტინგის დაწერა გადაწყვიტა. სათაურები, რომლებიც გამოჰქონდათ, იყო ამაზრზენი, სრულიად შეუსაბამო და დამამცირებელი.

თათია სამხარაძე

მაშინ, როდესაც ოჯახში ძალადობა საქართველოში მეტ-ნაკლებად აღიარებული პრობლემაა, სექსუალური შევიწროება ჯერ კიდევ უხილავ პრობლემად რჩება. საქართველოში არსებული არც ერთი ნორმატიული აქტი არ შეიცავს ცნებას სექსუალური შევიწროების შესახებ და შესაბამისად, არც მის ფორმებს - შევიწროებას ქუჩაში, სამსახურში თუ სხვა საჯარო სივრცეში.

სწორედ ამიტომ, ქალთა მოძრაობა მოითხოვს პარლამენტმა დაუყოვნებლივ მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები შრომის კოდექსში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რათა სექსუალური შევიწროება აიკრძალოს როგორც დასაქმების ადგილზე, ისე -საჯარო სივრცეში.

თათია სამხარაძე, რომელმაც შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, მისთვის ყველაზე ტრავმულ პერიოდს On.ge-სთან ინტერვიუში კიდევ ერთხელ იხსენებს:

"შალვასგან სექსისტური ხუმრობები ნორმად მიიჩნეოდა და რაც არ უნდა გაოცებული ან შეურაცხყოფილი დარჩენილიყავი შალვას საქციელით ან ასეთი ხუმრობით, ხმასაც ვერ ამოიღებდი. იმ გარემოში, სადაც შალვა რამიშვილია, სექსიზმი და ბულინგი კომუნიკაციის მისაღები ფორმაა. საკუთარ ტელე-იმიჯსა და იუმორს ამოფარებული კი ნამდვილი მოძალადე იმალება, მაგრამ ამას გვიან მივხვდი.

ახლაც ხშირად ამბობს, რომ მისი დამსახურებით გავხდი ვარსკვლავი და არა ჩემი 24-საათიანი შრომისა და ნიჭის წყალობით, გამუდმებით ამას იმეორებს. მახსოვს, ერთხელ მითხრა, არ ხარ ძალიან ლამაზი და ამ კაცების მიკვირს რატომ გიჟდებიან შენზე, ეტყობა, მაგარ მინეტს აკეთებო. ამ დროს პირველად გავაცნობიერე, რომ ეს სულაც არ ყოფილა ერთი რიგითი უწყინარი ხუმრობა.

იმ გარემოში, სადაც შალვა რამიშვილია, სექსიზმი და ბულინგი კომუნიკაციის მისაღები ფორმაა. საკუთარ ტელე-იმიჯსა და იუმორს ამოფარებული კი ნამდვილი მოძალადე იმალება, მაგრამ ამას გვიან მივხვდი.

თათია სამხარაძე

ქმართან დაშორების შემდეგ დეპრესიაში ვიყავი, იმდენად ცუდად ვგრძნობდი თავს, რომ ანტიდეპრესანტებს ვიღებდი, ლოგინიდანაც კი ვერ ვდგებოდი. მეგონა, სამსახურში გასვლა დამეხმარებოდა ამ ყველაფრის დაძლევაში, მაგრამ ძალიან შევცდი. მახსოვს, როცა სამსახურში დავბრუნდი, "ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალი სეზონი იწყებოდა და მონაწილეობა უნდა მიმეღო, მაგრამ შალვა მეუბნებოდა, რომ იმედის დირექტორსა და შოუს პროდიუსერს არ სურდათ ჩემი ამ პროექტში ხილვა, როგორც შემდეგ გაირკვა, ეს ყველაფერი ტყუილი იყო.

რამიშვილი მეუბნებოდა, ვიბრძოლებ, რომ გამოვიდეს და შოუში იცეკვოო და იქვე დაამატა, აი ხომ ხედავ, მე ყველაფერს ვაკეთებ შენთვის და შენ ჩემთვის არაფერსო. იმ მომენტში ვიფიქრე, რომ შალვა ფულს მთხოვდა და ვუთხარი კიდევაც, რომ არ მქონდა. მიპასუხა, ფული არც მე მიგულისხმიაო. ეს იყო პირველი დეკლარირებული განცხადება, რომ მას ჩემგან რაღაც უნდოდა.

ის გამუდმებით ძალადობდა ფსიქოლოგიურად თანამშრომლებზე, მახსოვს, სამსახურში რამდენიმეჯერ დაგვიანების გამო საშინელი სიტყვებით გაგვლანძღა მე და ჩემი კოლეგა, შეურაცხყოფა მოგვაყენა და კაბინეტში დამიბარა, იქ კი მითხრა, რომ თურმე, როცა მეჩხუბებოდა, თვალები არ დავხარე. რამდენჯერმა მიმანიშნა, რომ ის ძალაუფლებას ფლობდა და შეეძლო გავენადგურებინე. ამბის კულმინაცია კი მაშინ იყო, როდესაც თბილისი მოლში ჩემი მანქანით წაყვანა მთხოვა, მეორე დღის გადაღებისთვის, რეკვიზიტები იყო შესაძენი. უკვე ადგილზე მითხრა, რომ ერთ-ერთი მსახიობისთვის გადაღებისთვის ჩულქი მეყიდა, მე მიტყდებაო. მომცა თავისი საკრედიტო ბარათი, მე შევედი მაღაზიაში, შევარჩიე ჩულქი და უკან, სამსახურში დავბრუნდით. სწორედ ამ დროს ისევ დაიწყო თავისი მოთხოვნები. ისევ ვიჩხუბეთ. ბოლოს, ძალიან მკაცრი ტონით მითხრა, მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებ, ხვალ 6 საათზე მოდი და მოგტყნავო და ხელით მომიგდო ის ჩემი ნაყიდი ჩულქი.

ფსიქოლოგიაში არის ასეთი ტერმინი - გაშეშება ჰქვია, სწორედ ის დამემართა მაშინ. ჩუმად ვიდექი, რაღაც რომ გინდა თქვა და ვერაფერს ამბობ, ის დამემართა. ჩულქებს ხელი მოვკიდე, კარი მოვიხურე ძალიან წყნარად და წამოვედი სახლში. ჩიხში მიმიმწყვდია, ან სამსახურიდან უნდა წამოვსულიყავი, ან ისე უნდა მომხდარიყო, როგორც მას უნდოდა. ამისთვის გადასარევი მომენტი ჰქონდა შერჩეული.

თათია სამხარაძე

ფსიქოლოგიაში არის ასეთი ტერმინი - გაშეშება ჰქვია, სწორედ ის დამემართა მაშინ. ჩუმად ვიდექი, რაღაც რომ გინდა თქვა და ვერაფერს ამბობ, ის დამემართა. ჩულქებს ხელი მოვკიდე, კარი მოვიხურე ძალიან წყნარად წამოვედი სახლში. ჩიხში მიმიმწყვდია, ან სამსახურიდან უნდა წამოვსულიყავი, ან ისე უნდა მომხდარიყო, როგორც მას უნდოდა. გადასარევი მომენტი ჰქონდა შერჩეული, დასუსტებული, დეპრესიით, ქმარს ახალი გაშორებული, ისედაც ვფიქრობდი, რომ მთელი სამყარო თავზე ჩამომექცა.

მეორე დღეს სამსახურში არ მივედი და 2 საათზე შალვამ რეკვა დაიწყო, რომ მიხვდა რა დონეზე ვიყავი გაბრაზებული, ბოდიში მომიხადა. მოდი, დავილაპარაკოთო, გააგრძელე მუშაობა და აღარაფერს აღარ გეტყვიო. გავიფიქრე, რომ წამოვედი სამსახურიდან რას ვამბობ ოჯახში და მეგობრებთან, სამწლიან კარიერას ხაზი რატომ გადავუსვი, ან ვინ დამიჯერებდა, რომ მომეყოლა, ასე მოხდა-მეთქი?! მაშინ გადავწყვიტე, რომ მეცადა და ჩამეწერა შალვას საუბარი. მივედი სამსახურში, ჩავრთე ტელეფონი, წყნარი საუბარი დავიწყე, რომ დიალოგში გამომეწვია. დაიწყო აღიარებით. 32-წუთიან აუდიო ჩანაწერში ის ყველაფერზე საუბრობს, მეუბნება, რომ ის, რაც მანამდე მოხდა, სამსახურიდან წასვლის მიზეზი არ შეიძლებოდა გამხდარიყო. მითხრა, შენ თავისუფალი გოგო ხარ, მეგონა, შენთვის ეს მისაღები იქნებოდაო და ა.შ. რატომ გადაწყვიტა ასე, ვერ ვხვდები. ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ ყველა ქალს აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება ვისთანაც უნდა და რამდენჯერაც უნდა იმდენჯერ ჰქონდეს ურთიერთობა და არა - ძალით ან შანტაჟით. ამის შემდეგ ავდექი და წამოვედი სამსახურიდან. მას მერე უკან აღარც მივბრუნებულვარ და არც ტელეფონის ზარებისთვის მიპასუხია.

ფოტო: ნინა ბაიდაური

თათია, როგორც ვიცი, ეს ჩანაწერი სასამართლოში მიიტანე ნივთმტკიცებად, თუმცა უკვე წელიწადნახევარზე მეტი გავიდა და ამ საქმეზე ახალი არაფერია.

ოჯახის დანგრევისა და კარიერის დასრულებით მიღებული სტრესის გამო, ხშირად მიფიქრია, ახლა ავტვირთავ ამ ჩანაწერს იუთუბზე და მერე ძილის წამლებს დავლევ-მეთქი. ასეთი უსუსურობის განცდა არასდროს მქონია. ჩემი სამსახურიდან წამოსვლა უყურადღებოდ არ დარჩენილა და ცხადია, წამოსვლის მიზეზმაც გაჟონა. ამავდროულად, ჩემი მეგობრებისა და ოჯახის რჩევით გადავწყვიტე, რომ საქმისთვის სამართლებრივი მსვლელობა მიმეცა. როგორც კი შალვამ გაიგო, რომ ჩანაწერი მქონდა გაკეთებული, დამასწრო და პოლიციაში ფარული ჩანაწერის გაკეთებაზე ჩემს წინააღმდეგ განცხადება დაწერა.

ძალიან ცნობილი ადამიანებიც არიან მათ შორის, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ მათაც იგივე გადახდათ და ისინი დღემდე ჩუმად არიან.

თათია სამხარაძე

ორი დღის შემდეგ ჩემს ადვოკატებთან ერთად პრესკონფერენცია გავაკეთე და სარჩელი შევიტანე. 21 ნოემბერს დაინიშნა მთავარი სასამართლო პროცესი, თუმცა ძალიან გაიწელა, მოსამართლეც შეიცვალა და ამანაც განაპირობა, რომ უკვე ამდენი ხანია ასე ვარ. რა თქმა უნდა, ვაპირებ, ბოლომდე მივყვე ამ საქმეს, არ დავიღლები სიმართლის ძიებით. ეს ისეთი პასუხისმგებლობაა, რომელსაც როცა აიღებ, შემდეგ ვეღარ და აღარც უნდა გაექცე.

ახლა ჰოლივუდში ძალიან აქტუალურია ჰარვი ვაინშტაინის საქმე. ცნობილი პროდიუსერის მსხვერპლი ქალების რიცხვი ორმოცდაათს აღწევს. ვაინშტაინმა დაკარგა ყველაფერი - კარიერა, ოჯახი, პატივისცემა. საქართველოში პირიქით მოხდა, შენ დაკარგე ყველაფერი.

შალვა რამიშვილი ძალიან გავლენიანი ტიპია. ამჟამინდელ მთავრობასთანაც ძალიან დაახლოებულია და არასდროს უცდია ამის დამალვა. როცა მასთან ვმუშაობდი, სულ მეუბნებოდა, მე ყველა პატივს მცემს და მიცნობს, კარგად მოიქეცი თორემ გაგაგდებ და ვერსად ვერ იმუშავებ, ვერც GDS-ზე, ვერც მაესტროზე, რუსთავი 2-ზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტიაო, რაც შენ ნიკა გვარამიას გაუკეთეო, აღარც ქმარი გყავს და დარჩები ასე უფულოდო.

შალვა მითვლიდა, იმისთვის ვიცხოვრებ, რომ ცხოვრება ჯოჯოხეთად გიქციოო, პროკურატურაში სირბილით ამოგხდი სულსო. ერთ ძალიან ცნობილ ჟურნალისტს, რომელსაც თავადაც ჰქონდა შემთხვევა, როდესაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ და რომელსაც ჩემი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო მხარი დავუჭირე, ამ ამბავზე დავურეკე, ველაპარაკე და ვთხოვე, რომ გადაცემა არ გაეკეთებინა მიკერძოებით. ამ ადამიანმა თავადაც კარგად იცოდა, სინამდვილეში ეს ადამიანი ვინ იყო და რას წარმოადგენდა, საბოლოოდ კი ისევ ნეპოტიზმმა და ალბათ შიშმაც გაიმარჯვა და მივიღეთ ძალიან მიკერძოებული გადაცემა. არადა, ასეთი ჟურნალსიტები, წესით, გარანტი უნდა იყვნენ ახალგაზრდა, დამწყები გოგოებისთვის, რომ მათ სატელევიზიო ინდუსტრიაში არავინ ცუდად არ შეეხება, ვერავინ ვერ შეავიწროებს და კარიერულ წინსვლაში ხელს ვერავინ შეუშლის, თუმცა ისინი სხვა მხარეს ირჩევენ, დგებიან მოძალადეების მხარეს და ჩვენ ყველანაირ იმედს გვიკარგავენ. ეს მათი პირადი და საზოგადოების დიდი სირცხვილია.

ხშირად გამიგია ხოლმე, როცა ამბობენ, აქამდე სად იყვნენ, რატომ არ ამოიღეს ხმა. მათ შორის არიან ქალებიც და მიკვირს, როგორ შეიძლება ვერ მიხვდე და გააანალიზო, რამხელა სტრესია, როცა ვინმე შენზე ფიზიკურად თუ მორალურად ძალადობს.

ვინც ამბობს, აქამდე რატომ არ თქვესო, საკუთარ თავს დაუსვან ერთი შეკითხვა, როცა ვინმემ ამ თემაზე ხმამაღლა ისაუბრა, რამდენად დაუჭირეს მათ მხარი, რამდენად დაიცვეს და რამდენად არ მისცეს სხვა ადამიანებს უფლება, რომ ისედაც მსხვეპრლისთვის თავზე არ გადაევლოთ.

როდესაც შენზე ძალადობენ, ეს ძალიან დიდი ტრავმაა, რომელსაც საზოგადოებისგან მიღებული ტრავმაც ემატება. ჩვენ პატრიარქალურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ხშირად, როდესაც მართალი ხარ, მაინც კაცების მხარეს ირჩევენ თანაც, მოძალადე კაცების მხარეს. ჩემი ამბავიც რომ გავიხსენო, თანამშრომელი თუ ახლობელი კაცების უმეტესობა ამბობდა, ჩვენთან რატომ არ მოვიდა, კაცურად დაველაპარაკებოდით და მოვუგვარებდით ამ ამბავსო, რატომ ჩაიგდო თავი ამ დღეში და სასამართლოთი რატომ გაასაჯაროვა ეს ამბავიო. ბევრი ადამიანის სახე დავინახე ამ კრიტიკულ დროს. ნახევარი საქართველო მლანძღავდა, ინტრიგანს მეძახდა, ვერ გაიგეს რა მოხდა. ძალიან ბევრი მითი შექმნეს ამ ამბის გარეშემო. ვერავინ დაუშვა, რომ ერთი "მიცემა-არმიცემის" გამო ასეთ დღეში შეიძლებოდა თავი ჩამეგდო, რომ სამსახურიც დამეკარგა, კარიერისთვის ხაზი გადამესვა და ქვეყნის სალანძღავი გავმხდარიყავი. სინამდვილე კი ის არის, რომ ყველამ კარგად იცოდა შიგნით რაც ხდებოდა, ეს პრაქტიკა იქ მანამდეც არსებობდა, ხმამაღლა ამაზე ლაპარაკს კი ყველა გაურბოდა.

ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ ყველა ქალს აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება ვისთანაც უნდა და რამდენჯერაც უნდა იმდენჯერ ჰქონდეს ურთიერთობა და არა - ძალით ან შანტაჟით.

თათია სამხარაძე

მეორე მხარეს იყო ჩემი ოჯახი, რომელიც მხარს მიჭერდა, იყო ძალიან დიდი სანაცნობო წრეც, ამის მიუხედავად კი მაინც ძალიან მიჭირდა, დამჭირდა ფსიქოლოგის დახმარებაც, რადგან ეს ნეგატიური ტალღა, რომელიც შენსკენ მოდის, ძალიან გბოჭავს. დიდი ხანია, რაც სამსახურის გარეშე ვარ, რადგან ყველა ჩემს გადაწყვეტილებაში, ყველა ჩემს ფიქრში, სიტყვაში ეჭვი მეპარება იმიტომ, რომ მე ვამბობდი სიმართლეს და ყველა სხვა ამბობდა, რომ ვიტყუები, ეს დიდ დაღს ასვამს ფსიქიკას. ძალიან მიჭირს სამსახურის პოვნა, საზოგადოებაში აზრი სუფევდა, რომ ინტრიგანი ვარ. უამრავი გასაუბრება მქონდა სადაც პროფესიული უნარ-ჩვევების ნაცვლად, პირდაპირ ამ ამბავზე მეკითხებოდნენ და ბოლოს უარით მისტუმრებდნენ, არავის აინტერესებს სად არის სიმართლე, არავის აწყობს რეალურად მხარი დაგიჭიროს თუ რაღაც სარგებელს არ ამოიღებს შენგან. ეს სტიგმა, ალბათ, სულ გამყვება, მაგრამ ამასთან ერთად ცხოვრებაც შემიძლია იმიტომ, რომ მე საკუთარ თავთან ვარ მართალი.

ახლა საუბრობ იმ რთულ გზაზე და მის კიდევ უფრო ცუდ შედეგებზე, რომელიც ამ წელიწადნახევრის განმავლობაში გადაგხდა. გულწრფელად მიპასუხე, რომ გცოდნოდა რა შედეგებს მოიტანდა, გაიმეორებდი იგივეს?

იცი, დღე არ გასულა, რომ ამაზე არ მეფიქრა. იქნებ ჩუმად უნდა წამოვსულიყავი, იქნებ მერჩივნა, ამდენი ფურთხი ამეცილებინა, მაგრამ არ ვნანობ. ალბათ, ამასაც გადავიტან იმიტომ, რომ ვიცი სწორად მოვიქეცი. ღირსების ამბავია, მეტი არაფერი. დრო თავის აქცენტებს აუცილებლად დასვამს იქ, სადაც დასასმელია.

ვინც ამბობს, აქამდე რატომ არ თქვესო, საკუთარ თავს დაუსვან ერთი შეკითხვა, როცა ვინმემ ამ თემაზე ხმამაღლა ისაუბრა, რამდენად დაუჭირეს მათ მხარი, რამდენად დაიცვეს და რამდენად არ მისცეს სხვა ადამიანებს უფლება, რომ ისედაც მსხვეპრლისთვის თავზე არ გადაევლოთ.

თათია სამხარაძე

მიუხედავად იმისა, რომ მოკლე ვადაში ეს ყველაფერი ქარის წისქვილებთან ბრძოლას ჰგავს, მგონია, რომ მოვა დრო და ეს ძალიან ბევრ ქალს გაუადვილებს ცხოვრებას, პირველ რიგში, კი მე. არ მინდა, რომ ჩემს შვილს, ჩემი მეგობრების შვილებსა და სხვა გოგოებს იგივე გადახდეთ თავს, მინდა სხვა რამეზე იყვნენ ორიენტირებული, მიხედონ ცხოვრებას და კარიერას. როცა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდები, ეს ფიზიკური განადგურების ტოლფასია. ხშირად, 15-20 წელი სჭირდებათ ქალებს ამ სტრესის დასაძლევად და მერე კიდევ ცალკე ძალების მოკრება ამის სათქმელად. ისიც ძალიან რთულია, ადგე და ადამიანს გამბედაობა მოსთხოვო, უთხრა, დაძლიე შიში და თქვი იმიტომ, რომ ეს გკლავს შიგნიდან, ისე გჭამს, როგორც მონსტრი, რომელიც შენს შიგნით ცხოვრობს.

ერთმა გოგომ მომწერა ფეისბუკზე, ქმარს გაშორებულია და შვილს არჩენს, ერთადერთი სამსახური აქვს 600-ლარიანი ხელფასით და იქაც უფროსი სექსუალურად ავიწროებს, რაღაცებს სთხოვს, ამბობს, რომ ვერ მოდის, რადგან შვილი ჰყავს სარჩენი. ყველა ქალმა უნდა თქვას ხმამაღლა და შექმნას პრეცედენტი, რის შემდეგაც სტატისტიკა საგრძნობლად შეიცვლება. ადამიანებმაც უკეთ უნდა გაიაზრონ, რომ სამსახურეობრივი მდგომარეობისა და თანამდებობის გამოყენება სექსუალური კავშირის მოსათხოვად, დანაშაულია.

რას იტყვი მედიაზე? თუ სწორად მახსოვს, მაშინ ყვითელმა პრესამ ამ ისტორიისგან მორიგი სკანდალური თემა გამოძერწა.

ჩვენი პრობლემა ის არის, რომ პოსტ-ტრავმული საზოგადოების წევრები ვართ და როცა შენ უკვე იბადები ქვეყანაში, სადაც დამცირება, სტრესი, ქალებზე ძალადობა ნორმაა, მსხვერპლის ფსიქოლოგია გერთვება და გგონია, რომ თუ მოძალადეებს თავს დაუხრი და ბაბას დაუძახებ, ამით გადარჩები.

რა თქმა უნდა, ვაპირებ, ბოლომდე მივყვე ამ საქმეს, არ დავიღლები სიმართლის ძიებით. ეს ისეთი პასუხისმგებლობაა, რომელსაც როცა აიღებ, შემდეგ ვეღარ და აღარც უნდა გაექცე.

თათია სამხარაძე

ჩვენ, ქალებს, ბავშვობიდან გვართმევენ ბრძოლის ძალას, გვართმევენ ის მამები, რომლებიც დედებს ურტყამენ, ის ძმები, რომლებიც გვისაზღვრავენ, სად, როდის და ვისთან ერთად უნდა წავიდეთ და ა.შ. ეს ყველაფერი ადრე თუ გვიან აგაყირავებს. დიახ, მედიამ ამ ისტორიისგან ჩვეულებრივი სკანდალი გამოძერწა და ამით რეიტინგის დაწერა გადაწყვიტა. სათაურები, რომლებიც გამოჰქონდათ, იყო ამაზრზენი, სრულიად შეუსაბამო და დამამცირებელი. მედია, რომელიც უნდა აკონტროლებდეს ქვეყანაში მიმდინარე პრობლემებს და რომელმაც ყველას უნდა გააგებინოს, რომ შენ, დიახ შენ, მხოლოდ იმის გამო, რომ ძალაუფლება გაქვს ვერავის ვერ დაჩაგრავ. სამწუხაროდ ჩვენთან პირიქითაა, მედია თავად გახდა მოძალადე. ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ცვლილებები, პირველ რიგში, ჩვენს თავშივე უნდა მოხდეს.

რას ეტყვი იმ გოგოებს, რომლებიც ზუსტად იგივე სიტუაციაში არიან, როგორშიც შენ იყავი?

შალვას ამბავი რომ გავიხსენო კიდევ, ამაზე სულ ვლაპარაკობდით სამსახურში, ძალიან ცნობილი ადამიანებიც არიან მათ შორის, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ მათაც იგივე გადახდათ და ისინი დღემდე ჩუმად არიან. მე კი ერთ რამეს მივხვდი, რომ შენ თუ შენი უფლებები არ დაიცავი, არავინ დაგიცავს. ასე რომ, იპოვე ძალა შენს თავში კი ხმამაღლა თქვი, რომ გავიწროებენ, რომ არ გასვენებენ, პირობას გაძლევ, მე და კიდევ ძალიან, ძალიან ბევრი ადამიანი დაგიდგება გვერდში. ძალადობასთან არ უნდა შეხვიდე კოლაბორაციაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივ რეჟიმში მსხვერპლად დარჩები.

ვიღაცები მწერდნენ, კასტინგზე როგორ ამცირებდა მათ შალვა, როგორ ეუბნებოდა, რომ ამ გზის გავლა საჭირო იყო, თუ უნდოდათ პოპულარულები გამხდარიყვნენ. ერთ-ერთი მათგანის მინაწერი პოლიციასაც კი ვაჩვენე, მაგრამ შემდეგ ამ გოგომ მე გამომლანძღა და თქვა, რომ არ ითანამშრომლებდა გამოძიებასთან, თუმცა პოლიციას წაკითხული აქვს ეს მასალა. ამ დროს გავაცნობიერე, რომ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, როცა შენ გიწევს სხვა გოგოების ხმაც იყო.

ჩვენ პატრიარქალურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ხშირად, როდესაც მართალი ხარ, მაინც კაცების მხარეს ირჩევენ თანაც, მოძალადე კაცების მხარეს.

თათია სამხარაძე

მე ვალდებული ვარ, ეს საქმე ბოლომდე, თუნდაც მის გამო დავასრულო, ათასობით გოგოს გამო დავასრულო. ყველას ჰგონია, ეს ისტორია მას არ დაემართება და ჩუმად არის, ავიწყდებათ, რომ ისტორია ყოველთვის მეორდება და სანამ შენ მუშაობ იმისთვის რომ ჭამო, შეიძლება თავს ისეთი უბედურება დაგატყდეს, მადა სულ დაკარგო. პირველი ნაბიჯის გადადგმა რთულია, მაგრამ აუცილებელი, ამ ერთი ნაბიჯით იწყება დიდი ცვლილება, ცვლილება უკეთესობისკენ, სადაც ქალებს ვერავინ ვეღარ გაუბედავს უთხრას, რა და როგორ უნდა გააკეთონ. ჩვენ ბევრნი და ძალიან ძლიერები ვართ.