თბილისის მერია მერის მოადგილეების მიერ აღებულ პრემიებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის "სწორი" ინფორმაციის მისაწოდებლად სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ მერის მოადგილეებმა პრემია 2016 წელს მხოლოდ ერთხელ აიღეს, თუმცა ამავე განცხადებაში პრემიაზე 29-ჯერ მეტ დანამატებზე საუბარი არაა.

On.ge-მ თბილისის მერიაში 2016 წელს გაცემული ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის თებერვალში გამოითხოვა. ამ მონაცემებით, მერის მოადგილეებმა პრემიის სახით ჯამში 7 200 ლარი მიიღეს, დანამატის სახით კი - 207 913 ლარი. გასულ წელს მერის მოადგილეებმა, საერთო ჯამში, 393 ათას ლარზე მეტი ანაზღაურება აიღეს.

გავრცელებულ განცხადებაში თბილისის მერია ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების ხელისუფლებების პერიოდში გაცემულ პრემიებსაც ადარებს. მერიაში ამტკიცებენ, რომ გიგი უგულავას მოადგილეები წლის განმავლობაში, საშუალოდ, 12-ჯერ მეტ პრემიას იღებდნენ, ვიდრე დავით ნარმანიას მოადგილეები. უწყების წარმომამდგენლებს არც ამ შემთხვევაში გაუმახვილებიათ ყურადრება დანამატებზე.

On.ge-ს ხელთ არსებული საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თბილისის მერზე, მერის მოადგილეებსა და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებზე, ბოლო ხუთ წელიწადში, ყველაზე ნაკლები თანხა - 1 095 673 ლარი 2012 წელს გაიცა, ყველაზე მეტი - 1 584 053 ლარი კი - 2013 წელს. 2016 წელს ეს თანხა 1 284 616 ლარს გაუტოლდა. ამავე პერიოდში თანამდებობის პირებმა ჯამში თანამდებობრივი სარგოს სახით 2 749 000 ლარზე მეტი მიიღეს, პრემიისა და დანამატის სახით კი - 3 855 000 ლარზე მეტი.

მერიაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაცემული ხელფასის, პრემიისა და დანამატის შესახებ On.ge-მ მასალა 20 მარტსაც მოამზადა.