მარსის კოლონიზაცია ჩვენი ცივილიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, რომლის გადადგმასაც ადამიანები ახლო მომავალში ვაპირებთ და 20-30 წლის შემდეგ, შესაძლოა, წითელ პლანეტაზე სრულფასოვანი დასახლებებიც ვიხილოთ.

ერთ-ერთი დასახლება, რომელიც მარსზე შეიძლება ვიხილოთ ნიუ შანხაია, რომლის კონცეფციაც სტეფანო ბოერის, ჩინეთის კოსმოსურ სააგენტოსა და ტონგჟის უნივერსიტეტის მომავლის ქალაქის ლაბორატორიას ეკუთვნის.

ნიუ შანხაი ვერტიკალური ტყეებით დაფარული ქალაქი იქნება, რომელიც ე.წ. "ეკო-სისტემური თესლების" საშუალებით გაიდგამს ფესვებს მარსის ხრიოკ ზედაპირზე.

ფოტო: Stefano Boeri

"ეკო-სისტემური თესლების" იდეა გიგანტურ კონტეინერში მოქცეულ ქალაქს, იქ გაშენებულ ტყეს, ინფრასტრუქტურასა და სიცოცხლისთვის საჭირო აირების ერთობლიობას მოიცავს.

კონცეფციის მიხედვით, სპეციალურად შექმნილი კოსმოსური ხომალდი რამდენიმე ასეთ ქალაქს მარსისკენ წაიღებს.

ფოტო: Stefano Boeri

წითელი პლანეტის ორბიტაზე გასვლის შემდეგ კი, ეს კოლონიები ხომალდს ჩაეხსნებიან და მარსის ზედაპირზე დაეშვებიან და იქ დაიდებენ ბინას.

რა თქმა უნდა, ეს იდეა ამბიციურია და მის განხორციელებას, განსაკუთრებით ტრანსპორტირების პრობლემის გადაჭრას, ათეულობით წლები დასჭირდება, თუმცა კოლონიზაციის მიმართულებით ნებისმიერი სახის მუშაობა კაცობრიობას ოპტიმიზმის საშუალებას აძლევს.