აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკამ, შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში საკუთარი კრიპტოვალუტა შექმნას და ჩვეულებრივ ფულზე უარი თქვას, მედუზაზე დაყრდნობით წერს The Cointelegraph.

ეს ინფორმაცია აფხაზეთის ეკონომიკის დე-ფაქტო მინისტრმა მოსკოვის კონფერენციაზე დაადასტურა. კრიპტოვალუტის შესაქმნელად აფხაზეთს ერთი მილიარდი დოლარი დასჭირდება. თანხების მოსაზიდად დე-ფაქტო ხელისუფლება გეგმავს, რომ შეზღუდული რაოდენობით აფხაზეთის რესპუბლიკის მონეტა (Abkhazian Republic Coin) გამოუშვას, რათა ინვესტიციები მოიზიდოს და მუნიციპალური გამჭირვალე საფინანსო ოპერაციების შესთავაზოს.

"ეს სერიოზული პროექტია, რომელსაც მთელი ლოკალური ინდუსტრიის შეცვლა შეუძლია", - განაცხადა კონფერენციის ორგანიზატორმა.

ფინანსური რესურსების მოსაზიდად, რუსეთის წახალისებით, შესაძლოა, ამ მეთოდს მიმართონ უკრაინის სეპარატისტულმა რეგიონებმა და ასევე, დნესტრისპირეთმა.

კრიპტოვალუტა არის ციფრული ვალუტის ნაირსახეობა, რომელიც კრიპტოგრაფიის მეთოდებს ეფუძნება. კრიპტოგრაფია არის მეცნიერება ინფორმაციის დაფარვის შესახებ. კრიპტოვალუტის სისტემების ფუნქციონირება ბლოკჩეინის ტექნოლოგიას ეყრდნობა.

კრიპტოვალუტის განსაკუთრებულობა იმაში გამოიხატება, რომ არაინაირი შიდა და გარე ადმინისტრატორი არ არსებობს. ამიტომაც გადახდის სისტემაში ბანკებს, საგადასახადოებს, სასამართლოებს ან ნებისმიერ სხვა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურაა ტრანზაქციაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია. კრიპტოვალუტის გადაგზავნა შეუქცევადია - ვერავინ ვერ გააუქმებს, დაბლოკავს, იჩივლებს ან კერძო გასაღების გარეშე ძალით ტრანზაქციას ვერ გააკეთებს. თუმცა, გარიგების მონაწილეების ერთიანი თანხმობით, გირაოს სანაცვლოდ კრიპტოვალუტის დაბლოკვა შესაძლებელია.