თალიბანის 5-წლიანი ტყვეობიდან დახსნილი კანადელი ჯოშუა ბოილი ამბობს, რომ, როდესაც მისი დამტყვევებლებისგან გაიგო დონალდ ტრამპის აშშ-ს პრეზიდენტად არჩევის შესახებ, მას ეს ხუმრობა ეგონა.

ბოილის თქმით, 5-წლიანი ტყვეობის დროს, მას და მის ცოლს მსოფლიო სიახლეებს არ აცნობდნენ. მან ასევე არ იცოდა, რომ კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო გახდა.

ტყვეებმა ტრამპის პრეზიდენტობის შესახებ მაშინ გაიგეს, როდესაც გაეროს მიერ ტერორისტულად აღიარებულმა დაჯგუფების წევრებმა მას და მის ოჯახს სიცოცხლის დამამატკიცებელი ვიდეო გადაუღეს.

"გონებაშიც კი არ გამივლია, რომ ამას სერიოზულად ამბობდნენ" - უთხრა ბოილმა ჟურნალისტებს.

ჯოშუა ბოილს ამერიკელი ცოლი ჰყავს - კეტლინ კოულმენი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. ისინი 2012 წელს სამოგზაუროდ წავიდნენ, რა დროსაც კეტლინი ორსულად იყო. წყვილი ავღანეთის სახიფათო ნაწილში გადავიდა, რა დროსაც ისინი თალიბანის დაჯგუფების წევრებმა დაატყვევეს.

ბოილის თქმით, ტყვეობისას მას ერთი შვილი მოუკლეს და მისი ცოლი გააუპატიურეს.