ფინანსისტმა ჯორჯ სოროსმა, საკუთარი ქონების დაახლოებით 80 პროცენტი, ანუ 18 მილიარდი დოლარი, მის მიერვე დაარსებულ ფონდ ღია საზოგადოებას გადასცა.

ამგვარად, ფონდი ღია საზოგადოება, კაპიტალის სიდიდით, მსოფლიოში მეორე საქველმოქმედო ფონდად იქცა. ორგანიზაცია, კაპიტალის მოცულობით, მხოლოდ ბილ და მელინდა გეიტსების მიერ 2014 წელს დაარსებულ საქველმოქმედო ფონდს ჩამორჩება.

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, სოროსი აღარ მიიღებს მონაწილეობას საინვესტიციო ფონდის მმართველობაში და მხოლოდ ფონდის ზოგადი სტრატეგიის შემუშავებაში იქნება ჩართული. სოროსის ფონდის მართვის უფლება გადაეცა, ღია საზოგადოების საინვესტიციო კომიტეტს. ორგანიზაცია მუშაობას გააგრძელებს ფინანსისტის გარდაცვალების შემდეგაც.

გამოცემის ცნობით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, Soros Fund Management აღარ მოახდენს ამ თანხებით ვაჭრობას არამედ, ხელმძღვანელობის ამოცანა თანხების დანიშნულებისამებრ გადანაწილება იქნება. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, საინვესტიციო ფონდის მმართველები ანგარიშვალდებულნი იქნებიან ფონდ ღია საზოგადოების საინვესტიციო კომიტეტთან.

ჯორჯ სოროსის საქველმოქმედო საქმიანობა 1979 წლიდან იწყება. 1984 წელს სოროსმა უნგრეთში დააარსა და დააფინანსა ფონდი, რომელიც უნგრეთის სასწავლო დაწესებულების ეტაპობრივ კომპიუტერიზაციასა და ინფორმაციის გასავრცელებლად ქსეროქსის აპარატების შეტანას ითვალისწინებდა. ფონდის მიზანს სოციალისტური და პრო-საბჭოთა წყობის დასუსტება წარმოადგენდა.

ფონდის დასახელება "ღია საზოგადოება" სოროსმა ცნობილი სოციოლოგის კარლ პოპერის წიგნიდან აიღო. ფონდის საქმიანობის ძირითადად გეოგრაფიულ არეალს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები, ე.წ. სოციალისტური ბანაკისა და ავტორიტარული წარსულის მქონე სახელმწიფოები წარმოადგენს. ფონდი თავიდანვე ემსახურებოდა სამოქალაქო და ღია საზოგადოების განვითარებისა და ჩამოყალიბების იდეას.

ამ დროისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ფონდ ღია საზოგადოების 40-მდე წარმომადგენლობა მუშაობს. ფონდი აფინანსებს საგანმანათლებლო, კულტურული თუ სამოქალაქო ინიციატივების პროექტებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფონდს რამდენიმე ქვეყანაში საქმიანობა შეეზღუდა და არასასურველ ორგანიზაციად იქნა გამოცხადებული, მათ შორის რუსეთსა და უნგრეთში.

ფონდი საქართველოში 1994 წლიდან საქმიანობს.

გამოცემა Forbes-ის ინფორმაციით, ჯორჯ სოროსის პირადი ქონება აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე 23 მილიარდ დოლარს შეადგენდა.