ორმა მარტივმა ინგლისურმა სიტყვამ, Me too [მეც], რამდენიმე დღეში ინტერნეტი მოიცვა და ძალადობის წინააღმდეგ ქალების ერთიანობის და სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.

კამპანია, რომელიც წინასწარ არ დაგეგმილა, ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ყველაფერი 2 დღის წინ, კვირას, 15 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც მსახიობმა ალისა მილანომ ტვიტერის საშუალებით მსოფლიოს მიმართა:

"თუ ქალები დაწერენ Me Too-ს სტატუსად, როგორც სექსუალური სახის თავდასხმის შესახებ პირად გამოცდილებაზე, მაშინ იქნებ საზოგადოებამ დაინახოს პრობლემის სიდიდე".

კამპანია საქართველოშიც აგორდა. ორი დღის განმავლობაში ჰეშტეგის #მეც გამოყენებით, უამრავმა ადამიანმა მოჰყვა თავს გადახდენილ სექსუალურ შევიწროებაზე.

კამპანიას დაემატა ჰეშტეგი, #გამოიძიეშალვარამიშვილისსაქმე. თითქმის 2 წლის წინ, 2016 წლის 8 აპრილს, თათია სამხარაძემ საჯაროდ განაცხადა, რომ მისი იმჟამინდელი უფროსი, შალვა რამიშვილი, მას სექსუალურად ავიწროებდა, თუმცა სასამართლოს საქმის განხილვა არ დაუსრულებია.

#MeToo ჰოლივუდის გავლენიანი პროდიუსერის, ჰარვი ვაინშტაინის, სკანდალს მოჰყვა, რომლის კარიერაც იმ ქალებმა დაასრულეს, რომლებზეც ის ათწლეულების განმავლობაში ძალადობდა.