მოკლედ: რა არის Brexit?

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

23 ივნისს დიდ ბრიტანეთში გაიმართება რეფერენდუმი, რომლის შედეგის მიხედვითაც გადაწყდება, დარჩება თუ არა ბრიტანეთი ევროკავშირის შემადგენლობაში.

რატომ ტარდება რეფერენდუმი?

პრემიერმინისტრმა დევიდ კემერონმა დადო პირობა, რომ თუ 2015 წლის არჩევნებს მოიგებდა, ამ რეფერენდუმს ჩაატარებდა. რეფერენდუმზე მოთხოვნა მისივე პარტიის, კონსერვატორებისა და გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის წევრებმა წამოაყენეს. რეფერენდუმის მომხრეთა არგუმენტია, რომ ბრიტანელ ხალხს 1975 წლის რეფერენდუმის შემდეგ არ დაუფიქსირებია თავისი აზრი ევროკავშირში ყოფნის შესახებ. მათი თქმით, 1975 წლის შემდეგ ევროკავშირი რადიკალურად შეიცვალა და ბრიტანელთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე უფრო მეტი გავლენა აქვს.

რა კითხვა იქნება დასმული რეფერენდუმზე?

რეფერენდუმზე მხოლოდ ერთი კითხვა იქნება — “უნდა დარჩეს თუ არა გაერთიანებული სამეფო ევროკავშირში?” — ორი სავარაუდო პასუხით: “კი” და “არა”.

რას ნიშნავს სიტყვა Brexit?

Brexit არის ორი სიტყვის, Britain-სა (ბრიტანეთი) და Exit-ის (გასვლა) ჰიბრიდი, რომელიც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის აღსანიშნავ ტერმინად გამოიყენება.

ვის აქვს რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება?

ბრიტანეთის, ირლანდიისა და ერთა თანამეგობრობის (Commonwealth) 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ გაერთიანებულ სამეფოში, ან საზღვარგარეთ და ბოლო 15 წლის განმავლობაში დარეგისტრირებულან ამომრჩევლებად. განსხვავებით საერთო არჩევნებისა, რეფერენდუმში მონაწილეობის მიღების უფლება ექნებათ ლორდთა პალატის წევრებსა და გიბრალტარის მოქალაქეებსაც. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს, გარდა ირლანდიის, მალტისა და კვიპროსისა, რეფერენდუმში მონაწილეობის მიღების უფლება არ ექნებათ.

ვის უნდა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი დატოვოს?

ბოლო კვლევის თანახმად, ბრიტანული საზოგადოების აზრი თითქმის თანაბრადაა გაყოფილი. Brexit-ს ემხრობა გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტია, კონსერვატორ დეპუტატთა თითქმის ნახევარი, ხუთი მოქმედი მინისტრი, რამდენიმე ლეიბორისტი პარლამენტარი და დემოკრატიულ უნიონისტთა პარტია.

ბრიტანეთში ყოველთვის არსებობდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც ევროკავშირის წევრობას არ ემხრობოდნენ. თუმცა, ბრიტანული ევროსკეპტიციზმი 2008 წლის ფინანსური კრიზის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა. ევროკავშირის წევრობის მოწინააღმდეგენი არგუმენტად ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში რთულ ეკონომიკურ სიტუაციას იყენებდნენ.

რატომ უნდათ ევროკავშირიდან გასვლა?

მათ სწამთ, რომ ევროკავშირი ბრიტანეთს უკან ხევს და ამუხრუჭებს მის განვითარებას, რადგან ევროკავშირი ბიზნესისთვის უამრავ რეგულაციას აწესებს და ქვეყანას მილიარდობით ფუნტს ახდევინებს საწევრო გადასახადის სახით, სამაგიეროდ კი არაფერ სასარგებლოს არ გასცემს. გარდა ამისა, ევროკავშირი ბრიტანეთისგან სასაზღვრო კონტროლის გაუქმებას მოითხოვს, რადგან EU-ს ერთ-ერთი მთავარი პრინციპი შეუზღუდავი გადაადგილების უფლებაა. არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, ევროკავშირის დატოვების მომხრეებს მიაჩნიათ, რომ კავშირის არსებობის მთავარი მიზანი არის ევროპის შეერთებული შტატების შექმნა და ისინი ამ იდეას ეწინააღმდეგებიან.

ვის სურს ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენა?

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს, დევიდ კემერონს სურს, რომ ბრიტანეთი დარჩეს ევროკავშირის შემადგენლობაში. მას მხარს უჭერს 16 მოქმედი მინისტრი, ლეიბორისტული პარტია, შოტლანდიის ნაციონალური პარტია, უელსის პარტია, ლიბერადემოკრატები, ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი, აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა, საფრანგეთი და გერმანია.

რატომ უნდათ, რომ ბრიტანეთი ევროკავშირში დარჩეს?

ევროკავშირში დარჩენის მომხრეები მიიჩნევენ, რომ წევრობას ბევრი სარგებელი აქვს, აადვილებს ვაჭრობას ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან, ხოლო მიგრანტები, რომელთა უმრავლესობაც ახალგაზრდა პროფესიონალები არიან, ეკონომიკის ზრდას იწვევენ. ისინი ასევე ფიქრობენ, რომ Brexit-ის შემთხვევაში ბრიტანეთის საერთაშორისო იმიჯი დაზარალდება.

ბრიტანელი ეკონომისტების ნაწილის აზრით, ქვეყანა ბევრ სარგებელს იღებს ევროკავშირის წევრობით. მაგალითად, მთელი ევროპის გარშემო ერთი სახის რეგულაციები კომპანიებს აძლევთ საშუალებას მხოლოდ ერთი კორპორატიული შტაბ-ბინა ჰქონდეთ მთელი ევროპული ოპერაციებისთვის და რადგან ინგლისური ყველაზე პოპულარული საერთაშორისო ენაა, ბევრი ევროპული კომპანია თავიანთ სათავო ოფისებს ლონდონში ათავსებს, რაც ქმნის სამუშაო ადგილს და დოვლათს ადგილობრივ ეკონომიკაში.

დევიდ კემერონის თქმით, ევროკავშირის წევრობა ევროპულ ძალოვან სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობას და შესაბამისად, ბრიტანეთის უსაფრთხოებას განაპირობებს.

რა მოხდება, თუ ბრიტანეთი აირჩევს Brexit-ს?

ევროკავშირიდან გასვლა მომენტალურად არ ხდება. ევროპის კონსტიტუციის 50-ე თავი, რომელიც კავშირიდან გასვლის წესებს ეხება, EU-სა და UK-ს მოლაპარაკების საშუალებას აძლევს. მაგალითად, შეიძლება დადგენა, ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის არსებული შეთანხმებები და რატიფიცირებული კანონები ძალაში დარჩება თუ არა გასვლის შემდეგ. მხარეებს მოლაპარაკებისთვის 2 წლიანი ვადა აქვთ. ამ დროის გასვლის შემდეგ, თუ მხარეები გაგრძელებაზე არ შეთანხმდებიან ან რამე სხვა სახის კონსენსუსს არ მიაღწევენ, ბრიტანეთის წევრობა ავტომატურად გაუქმდება.

შედეგად, ბრიტანეთში მცხოვრებ ევროკავშირის მოქალაქეებს და ევროკავშირში მცხოვრებ ბრიტანელებს, მოუწევთ საიმიგრაციო სტატუსის შეცვლა. ხოლო EU-სა და გაერთიანებულ სამეფოში ოპერაციების მქონე ყველა კომპანიას მოუწევს კანონების ორ პაკეტზე გადაწყობა, შესაბამისი ზონების მიხედვით.

გამოსვლის შემთხვევაში, ექნება თუ არა ბრიტანეთს ევროკავშირში დაბრუნების უფლება?

კი, ექნება. თუმცა, მოუწევს წევრობისთვის საჭირო სხვადასხვა კრიტერიუმების დაკმაყოფილება. ახალი წევრებისთვის სავალდებულოა ნაციონალურ ვალუტაზე უარის თქმა და ევროს დანერგვა, თუმცა ბრიტანეთს შეიძლება ჰქონდეს ბერკეტები და მომავალში, ევროკავშირში დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, ეს ვალდებულება თავიდან აიცილოს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა
  2. კალაძე: იგივე ხდება დღეს, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში — ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან შეუთანხმებლად
  3. პრეზიდენტმა შარლ მიშელს და მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ხვალ, საბჭოს სხდომაზე განიხილონ
  4. პარლამენტმა რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღება ხვალისთვის გადადო — რა იქნება შემდეგ, პროცედურულად
  5. რუსული კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ

მოსვლის დღიდან ქართული ოცნება ეწევა არასამთავრობო ორგანიზაციების დემონიზებას, ("კაპიტანი გიგაური", "მდიდარი…