თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევის საქმეზე შსს-ს მოქალაქის სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 30 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. დაზარალებული მოქალაქის ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.

2011 წლის 26 მაისს თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, რომელიც სამართალდამცავებმა დაშალეს. ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, მომჩივანს სამართალდამცავებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გაურკვეველი იარაღის გამოყენებით დაუზიანეს ფეხი, მან მიიღო სხეულის დაზიანებები და მოთავსდა კლინიკაში.

26 მაისის დარბევის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი 2014 წლის 27 თებერვალს გამოტანილი განაჩენითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 აგვისტოს განაჩენით დამნაშავედ არის ცნობილი. მას ბრალად დაედო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება.

ადამიანის უფლებათა ცენტრის თქმით, საქალაქო სასამართლომ 13 ივლისს შსს-ს კიდევ ერთი დაზარალებულის სასარგებლოდ დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება, ხუთი ათასი ლარის ოდენობით.