ავსტრიის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ლიდერობს კონსერვატიული სახალხო პარტია, რომლის ლიდერიც 31 წლის სებასტიან კურცია. თუ სახალხო პარტიამ საბოლოოდ გაიმარჯვა, ავსტრიას მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი ეყოლება.

ადგილობრივი მედიის მიხედვით, სახალხო პარტიამ, წინასწარი შედეგებით, ხმების 31 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილისთვის იბრძვიან ულტრა-მემარჯენევე თავისუფლების პარტია და სოციალ-დემოკრატიული პარტია. არჩევნებამდე მმართველი კოალიციის ლიდერებს სოციალ-დემოკრატები წარმოადგენდნენ.

ვინ არის სებასტიან კურცი?

ფოტო: KYODO

სებასტიან კურცი სახალხო პარტიის სათავეში 2017 წლის მაისში ჩადგა.

2013 წელს 27 წლის ასაკში ის ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა, მსოფლიოში საგარეო საქმეთა ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი. მინისტრობის პერიოდში ჯერ კიდევ სტუდენტი, ამიტომ პრესაში ხშირად აღნიშნავდნენ, რამდენად შეძლებდა ახალგაზრდა მინისტრი სწავლისა და სამსახურის შეთავსებას.

თავისი პოლიტიკური კარიერა ამავე პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერობით დაიწყო. 2010-2011 წლებში ვენის საქალაქო საბჭოს წევრი იყო.

2011 წლის აპრილში კურცი ხელახლა შექმნილი ინტეგრაციის სახელმწიფო მდივნის პოსტზე დანიშნეს (ავსტრიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს ნაწილი).

მეტსახელად "Wunderwuzzi" შეარქვეს, რაც სიტყვა-სიტყვით ითარგმნება, როგორც ის, ვისაც წყალზე სიარული შეუძლია. მას ადარებენ საფრანგეთისა და კანადის ახალგაზრდა ლიდერებს, ემანუელ მაკრონსა და ჯასტინ ტრუდოს.

იქიდან გამომდინარე, რომ კურცის პარტია ხმების აბსოლუტური უმრავლესობით ვერ გაიმარჯვებს, სავარაუდოდ, მას ანტისაიმიგრაციო პოლიტიკის მქონე თავისუფალ პარტიასთან მოუწევს კოალიციის შეკვრა.

ავსტრიის საარჩევნო დებატებზე იმიგრაციის საკითხი ყველაზე აქტუალური იყო, რადგან ევროპის ბევრ ქვეყანაში მოსახლეობა 2015 წლის საიმიგრაციო ნაკადის ზრდის გამო კმაყოფილი არ არის.

მას შემდეგ, რაც სახალხო პარტიის ლიდერი სებასტიან კურცი გახდა, მან პარტიის პოლიტიკური ხედვა მკვეთრად მემარჯვენე გახადა. ის მოსახლეობას დაპირდა:

  • ევროპაში გადაიკეტება საიმიგრაციო ნაკადები;
  • ლტოლვილებისთვის რაც შეიძლება დაბალი სოციალური დახმარება გაიცემა;
  • ყველა უცხოელისთვის აიკრძალება ნებისმიერი სახის სოციალური დახმარების გაცემა, სანამ ქვეყანაში ხუთ წელს არ იცხოვრებს.