სომალიში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა მას შემდეგ, რაც მოგადიშუს ერთ-ერთ გადატვირთულ უბანში ასაფეთქებლით სავსე სატვირთო ავტომობილის აფეთქებას 276 ადამიანი ემსხვერპლა. 300 მეტი პირი ამ დროისათვის საავადმყოფოში იმყოფება და შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს.

აფეთქების შედეგად მთლიანად დაინგრა მიმდებარე შენობები, მათ შორის სასტუმროც. ქვეყნის ინფორმაციის მინისტრმა აბდირაჰმან ოსმანმა თქვა, რომ კვირას მომხდარი ინციდენტი ტერორისტული აქტია.

ეს არის ყველაზე მასშტაბური ტერაქტი, რაც ბოლო წლებში სომალიში მომხდარა. ჯერჯერობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ქვეყნის ხელისუფლებამ მოქალაქეებს დაჭრილთა დასახმარებლად სისხლის გაღებისკენ მოუწოდა.

ვარაუდობენ, რომ თავდასხმის უკან, შესაძლოა, ტერორისტული ორგანიზაციებთან, ალ-ქაიდასა და ისლამური სახელმწიფოსთან დაკავშირებული დაჯგუფებები იდგნენ.