ბიზნესის ექსპერტები ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ დიდი იდეები ჩვენ ირგვლივ, ჰაერშია მიმოფანტული და მას პეპლებივით დაჭერა უნდა. მართალია ბიზნესი სფეროების მიხედვით განსხვავდება, მაგრამ ეს პრინციპი თითოეული მათგანისთვის ერთნაირად მუშაობს. თუ გსურთ, რომ დაიწყოთ ბიზნესი, მაგრამ არ გაქვთ დიდი კაპიტალი, შესაძლოა Shoal Tent-მა თქვენი ყურადღება მიიქციოს.

ოჰაიოში დაფუძნებულმა კომპანიამ SmithFly-იმ შექმნა წყალზე მოტივტივე კარავი, რომელიც ტბასა თუ მდინარეში თავისი გამძლეობითა და ორიგინალურობით გამოირჩევა. მოტივტივე კარავს არ სჭირდება ნიჩბები, რადგან მისი სტრუქტურა იმგვარად არის მოწყობილი, რომ დინებას მიყვება. სამაგიეროდ, მოტივტივე კარავს ფეხზე დასადგომი დაფა მოყვება, რომლითაც შეგიძლიათ წყალზე გაისეირნოთ.

ფოტო: SmithFly

ფოტო: SmithFly

კარავი დასაძინებლადაც ძალიან კომფორტულია. მისი რბილი და გამძლე ზედაპირი ტკბილად ძილის საშუალებას მოგცემთ. კარავზე ორი ან მაქსიმუმ სამი ადამიანის დატევაა შესაძლებელი, თუმცა მისი შემქმნელები ფიქრობენ, რომ ამ კარვით სარგებლობა შეყვარებული წყვილებისთვის ახალი თავგადასავალი იქნება.

მოტივტივე კარავს იმდენად დაცულია, რომ მასში შემოღწევას ვერც მწერები შეძლებენ. მწერების შემოსვლის ერთადერთი შანსი მაშინ ჩნდება, როცა კარვის შესასვლელს ღიად დატოვებთ.

ინოვაციური კარავი ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია. მისი საბაზრო ფასი $1499-ია, თუმცა ამჟამად კომპანიას აქცია აქვს და მოტივტივე კარვის შეძენა $1275-ად, ოფიციალურ გვერდზე შეგიძლიათ.

საქართველო მდიდარია რეკრეაციული ზონებითა და ტბებით, სადაც ამგვარი კარვის გაქირავება მეტად შემოსავლიანი ბიზნესი იქნება. წარმოიდგინეთ, რამდენ ტურისტს მოუნდება ილიას ან თუნდაც კუს ტბაზე შეყვარებულთან ერთად მოტივტივე კარვით გასეირნება.