სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი თ. ხ. დააკავეს.

სუს-ის განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თ.ხ-მ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეს, ლტოლვილთა სამინისტროსგან ბინის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 7000 აშშ დოლარი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.