მსოფლიო ბანკთან განვლილი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმების საკითხები საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განიხილა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში სირილ მიულერთან და მის გუნდთან შეხვედრისას.

შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ფრენკ ჰეემსკერკი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, მსოფლიობანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი და სხვა ოფიციალური პირები.

შეხვედრის დასაწყისში ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ მიმდინარე წელს აღინიშნა მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის 25 წლისთავი, რომლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე თბილისში ბანკის ვიცე-პრეზიდენტი სირილ მიულერი იმყოფებოდა. პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა როგორც საქართველოს ინსტიტუციური განვითარების, ასევე, ქვეყნის კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, 2018 წელს საქართველოს მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის ახალი ჩარჩო შეთანხმება ექნება, რომლითაც ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები განისაზღვრება.

"აქამდე ჩვენ ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი გვაქვს განხორციელებული, მათ შორის, რეგიონული განვითარების პროექტები, რომელთაც აუცილებლად გავაგრძელებთ. თუმცა მათ აუცილებლად დაემატება განათლებისა და ინოვაციების კომპონენტები,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება.