თბილისის საკრებულოს განკარგულებით, ჩუღურეთის რაიონში რობერტ ბარძიმაშვილის ქუჩას მოსე გოგიბერიძის სახელი მიენიჭა, ხოლო დიდუბის რაიონში არსებულ მოსე გოგიბერიძის ქუჩას - რობერტ ბარძიმაშვილის სახელი.

აღნიშნული განკარგულებები, რომელსაც ხელს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი აწერს, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე 10 ოქტომბერსაა გამოქვეყნებული.

On.ge სახელდების კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელს მამუკა ბალიაშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, ქუჩებს შორის სახელების გაცვლა არ მომხდარა და სათაურის ინტერპრეტაციასთან გვაქვს საქმე.

როგორც მან განმარტა, 2016 წელს ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებში მოსე გოგიბერიძის ორი ქუჩა, ანუ ქუჩის დუბლირება იყო. ამავე წლის ბოლოსთვის კი, ჩუღურეთის რაიონში გოგიბერიძის ქუჩა რობერტ ბარძიმაშვილის სახელი დაერქვა.

"ამ ქუჩის [ბარძიმაშვილის] მაცხოვრებლებიდან იყო მომართვა, რომ ქუჩას დაბრუნებოდა ძველი სახელი და, ამავე დროს, მოსე გოგიბერიძის ოჯახის პოზიციას ეს იყო".

ბალიაშვილის თქმით, საქმის წარმოების პროცესი დაიწყეს, სადაც გოგიბერიძისა და ბარძიმაშვილის ოჯახის წევრები იღებდნენ მონაწილეობას:

"შევთანხმდით, რომ ბარძიმაშვილის ქუჩისთვის დაგვებრუნებინა მოსე გოგიბერიძის სახელი. მაგრამ "დაბრუნების" განმარტებას კანონი ასეთ ტერმინს არ ცნობს და ამიტომ არის თავიდან მინიჭება".

მისივე განმარტებით, რადგან ისე გამოვიდა, რომ თბილისში მოსე გოგიბერიძის სახელობის ისევ ორი ქუჩა იქნებოდა, გადაწყდა, რომ დიდუბის რაიონში გოგიბერიძის ქუჩას რობერტ ბარძიმაშვილის სახელი მინიჭებოდა.

საკრებულოს განკარგულების მიხედვით, თბილისის მერიამ ოთხი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს გადაწყვეტილების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.