პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა. კომიტეტს მოტივირებული შენიშვნები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ წარუდგინა. მისი თქმით, დღეს კონსტიტუცია მიღებულია და მხარდაჭერილია ერთი პარტიის მიერ.

უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მან ვერც ერთი იურიდიული არგუმენტი ვერ მოისმინა.

9 ოქტომბერს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მესამე მოსმენით მიღებულ კონსტიტუციის პროექტს ვეტო დაადო. ეს პრეზიდენტის რიგით მეათე ვეტოა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ექვსი შენიშვნიდან პირველი ოთხი საკითხი არის ის ვალდებულებები, რომლებიც ქართულმა ოცნებამ ვენეციის კომისიისგან აიღო. ესენია: ბონუსის, ბლოკების, საკონსტიტუციო სასამართლოსა და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხები. მეხუთე საკითხი ეხება 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, ხოლო მეექვსე - პრეზიდენტის არჩევის წესს, რომლის განხილვაც მან სამომავლოდ, ორპალატიანი სისტემის შემოღების დროისთვის გადადო.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 ოქტომბერს არის დანიშნული. როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი ვეტოს დაძლევას აპირებენ.