შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ოთხი ბრალდებული პირი თანხის გამოძალვის მიზნით ერთი პირის გატაცებას გეგმავს. რუსთავის 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ სამშენებლო ჰიპერმარკეტ გორგიას დამფუძნებლის გია გორგოშაძის გატაცება სურდათ.

On.ge შსს-ს დაუკავშირდა, მაგრამ უწყებამ პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით ინფორმაცია არ მოგვაწოდა. მხოლოდ დაზარალებულის ინიციალებია ცნობილი - გ.გ.

უწყების თქმით, გეგმის შესასრულებლად ბრალდებულებმა დაზარალებულის საცხოვრებელ კორპუსში ბინა წინასწარ დაიქირავეს, საიდანაც მის გადაადგილებას აკვირდებოდნენ.

შსს-ს განცხადებით, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა, ნიღბები, მობილური ტელეფონები, წებოვანი ლენტები, ხელბორკილები, ელექტროშოკი და ე.წ. პარიკი ამოიღო.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ", მე-3 ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით და 18-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით).