ბათუმში გამართულ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიაში, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ თავდაცვის სფეროში საქართველო მნიშვნელოვან რეფორმას ახორციელებს.

"მადლობა გადავუხადე მინისტრს და ქართველ ხალხს იმ წვლილისთვის, რომელიც ავღანეთის მისიაში შეგაქვთ. ამ დახმარებისთვის მართლაც ძალიან მადლობლები ვართ და თანაგრძნობას გამოვხატავთ გაღებული მსხვერპლის გამო. ეს არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი. საქართველო წარმატებით ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას თავდაცვის სფეროში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მოკავშირეებთან ერთად, მის მხარდასაჭერად", - ჯეიმს აპატურაის განცხადების თარგმანს რუსთავი 2 ავრცელებს.

აპატურაის თქმით, საქართველოსთან მიმართებით უკვე არსებობს არსებითი პაკეტები, სწავლებები და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე მომავალი თანამშრომლობა:

"მე ყოველთვის ვამბობ, რომ უფრო მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ისედაც ასეა. თავდაცვის მინისტრთან განხილული საკითხების გარდა, განვიხილეთ შიდა პოლიტიკური საკითხები, რომელიც საქართველოში ყოველთვის საინტერესოა".

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. შეხვედრისას მათ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესი და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს.