ბავშვობაში ალბათ ხშირად გიძრომიალიათ ხეებზე და მის ტოტებზე საათობით მჯდარხართ. ზოგიერთ თქვენგანს საყვარელი ხეც კი გქონიათ, სადაც შტაბი აგიშენებიათ და მეგობრებთან ერთად ბანქო ან რაიმე სხვა გითამაშიათ. სავარაუდოდ, მაშინ ვერაფრით წარმოიდგენდით, რომ ბავშვობის ერთ-ერთი მთავარი გასართობი კომერციულად მომგებიანი პროექტი გახდებოდა.

როგორც წესი, ლაშქრობაში სიარული და რეკრეაციული ტურიზმის სხვა სახეები ბუნებაში სეირნობით, პიკნიკით, სამოყვარულო ექსპედიციებითა და კარვების გაშლით შემოიფარგლება ხოლმე. ამის მიუხედავად, ინოვაციურმა მიდგომებმა ამ სფეროშიც შემოაღწია და ბუნების შემეცნება ახლა უკვე სულ სხვაგვარადაც შეიძლება.

მარკეტინგულმა კომპანიამ EoA Inc-მა ბუნებაში დასვენების ინოვაციური კონცეფცია შეიმუშავა, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა. კომპანიის აზრით, ადამიანებს მობეზრდათ ბუნების წიაღში უბრალოდ დასვენება და მათ რაიმე კრეატიული სჭირდებათ. კომპანიის აზრით, კარგი იქნება, თუ ხეებზე მარტივი კონცეფციის სასტუმროები განთავსდება, რომელიც დამსვენებლებს განტვირთვაში დაეხმარებათ.

რაც ყველაზე მთავარია, ეს უნდა იყოს უსაფრთხო, მიმზიდველი და თანაც იაფი. აქამდე უკვე არსებობდა ე.წ. ხის სასტუმროები, თუმცა კომპანიის მიერ წარმოდგენილი იდეა განსხვავდება ტრადიციული მიდგომებისგან.

ფოტო: EoA

ფოტო: EoA

EoA-ს აზრით, კარგი იქნება თუ ხეებს შორის გაბმული იქნება სპეციალური, უსაფრთხო რკინის ბადე, რომელიც ტოტებზე დამაგრებულ კარვებს ერთმანეთთან დააკავშირებს. ეს იქნება ხეზე ძრომიალის ახალი პერსპექტივა, ოღონდ ნაკაწრებისა და ხიფათის გარეშე. დამსვენებლებს ექნებათ ერთმანეთთან დამაკავშირებელი ბილიკი, მათ შუაში კი - საპიკნიკე სივრცის მოწყობაც იქნება შესაძლებელი. კარვები სასტუმროს ნომრების ერთგვარი ახალი სტანდარტი იქნება, რომელშიც კომფორტული საწოლის, ელექტრო ენერგიისა და ინტერნეტის უზრუნველყოფაც შეიძლება. ხეებზე ასასვლელად კი- სპეციალური კიბეები დამონტაჟდება.

ფოტო: Eo

ბევრმა ბიზნესმენმა უკვე აიტაცა ეს იდეა და მის განხორციელებას სხვადასხვა ქვეყნების ტყეებში გეგმავენ. პროექტის საინიციატივო ჯგუფმა კი სხვადასხვა კონკურსებში მრავალი ჯილდოს მოპოვება შეძლო.

ამ მხრივ, საქართველოს ტყეები ძალიან გამოსადეგია. თუ თქვენ რეკრეაციულ ბიზნესში გსურთ მოღვაწეობა და ინოვაციურ იდეებს ეძებთ, ეს ბიზნესი შესაძლოა ძალიან წარმატებული გამოდგეს. საქართველოს ტურისტული პოტენციალის ზრდას თუ დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ამგვარი იდეების განხორციელებას დიდი მოგების მოტანა შეუძლია.